პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება
გენერალური პროკურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება და მათ მიერ 6 სექტემბერს პროკურატურაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დახურულ შეხვედრაზე მიწვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „არასწორს“ უწოდებს.
6 სექტემბერს „არანაირი შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აუცილებლად გაეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები“, – ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ 2 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის თქმით, „აბსოლუტურად არაადეკვატური და მიუღებელია“ საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტების მიუკერძოებლობაში წინასწარ ეჭვის შეტანა მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ საექსპერტო დასკვნის მომზადება საქართველოს პროკურატურამ შესთავაზა.
უწყებისვე განმარტებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის მხრიდან ექსპერტების საქმიანობისა და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა ჩართულობისადმი ეჭვების გამოთქმა მიზნად დასკვნის წინდაწინ დისკრედიტაციას ისახავს.
გენერალური პროკურატურა ამბობს, რომ მისი მხრიდან ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ წინასწარი პატიმრობა არმოთხოვნა, ობიექტურობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის მაჩვენებელია. ამასთან, პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ სასამართლოში სამართლებრივი პროცედურები „უმაღლესი სტანდარტების“ დაცვით მიმდინარეობს და რომ იგი შემაჯამებელ გადაწყვეტილებას საერთაშორისო ნორმების შესაბამისად მიიღებს.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)