პრემიერ-მინისტრის გადადგომას პოლიტიკოსები აფასებენ
პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მამუკა ბახტაძის გადადგომას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. „სამოქალაქო საზოგადოება“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.
პრეზიდენტი და მმართველი გუნდი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: „გადადგომას არ აფასებენ. ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, უნდა დაველოდოთ და მე პირადად დაველოდები… საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები არ აკეთებენ განცხადებებს საზღვარგარეთ. უნდა ჩავიდე, გავიგო, რა ვითარება არის, შემდეგ შეიძლება განცხადებებისა და შეფასებების გაკეთება. მე ჰიპოთეტურ გადაწყვეტილებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რაც არ უნდა შესაძლებელი იყოს, არ შევაფასებ. არაკორექტული იქნება აქედან რომ შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა. ხვალ იქნება იმის დრო, რომ კომენტარები გაკეთდეს“.
არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე: „ქართული ოცნების გუნდში თანამდებობა არცერთი წევრის თვითმიზანი არ არის და ბუნებრივია, როდესაც ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, ეს ცვლილებები ხდება. ცვლილებები ხდებოდა ადრეც და ცვილებები ხორციელდება ახლაც. რაც შეეხება ბატონ მამუკა ბახტაძეს, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამთავრობო პროგრამის და ჩვენი პოლიტიკური პროგრამის განხორციელებაში. მე მინდა მას ამისათვის გადავუხადო მადლობა… მე ვფიქრობ, თავად ბატონმა მამუკამ ამომწურავად განმარტა დღეს მედიასთან შეხვედრის დროს, თუ რა არის მისი ხედვა. ეს არის მისი გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მის გადაწყვეტილებას ყველაზე უკეთ განმარტავს თავად და დღეს მან ეს გააკეთა“.
ანრი ოხანაშვილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე: „ბატონი მამუკა ბახტაძე არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი, ის რჩება გუნდის წევრად და მინდა მას წარმატებები ვუსურვო… არ შეიძლება არ დააფასო ის შრომა, რაც მამუკა ბახტაძემ გასწია. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, არის საკითხები, რომელსაც სჭირდება გაუმჯობესება, ახალი სისხლი, ახალი გამოწვევები, ახალი იდეები გვჭირდება და მე ამას მოველი სწორედ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატისგან“.
კახა კალაძე, თბილისი მერი, ქართული ოცნების გენერალური მდივანი: „მე, უპირველეს ყოვლისა, მინდა მამუკას მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან ამ ხნის განმავლობაში გასწია… რაც შეეხება კანდიდატებს, ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნებიან მინისტრები, ეს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ჩამოსაყალიბებელია“.
ოპოზიცია
რომან გოცირიძე, ნაციონალური მოძრაობა: „ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს – ძალაუფლების შენარჩუნებას. ამ მიზანს ემსახურება, რა თქმა უნდა, ფორმალური პრემიერ-მინისტრის ბახტაძის გადაყენებაც. ძალიან სასაცილოა მისი სიტყვები – მე გადავდექი, თქვენ კი არ გადადექით, თქვენ გადაგაყენეს, როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არავინ გეკითხებათ გადაყენებას. აი, ასე, თოჯინებივით დაატარებენ ადამიანებს აქეთ-იქეთ და, თუ გამართლდა ის ჭორი და მართლაც გახარია დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ საქართველოს უკვე მართავს არა ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ რუსეთი“.
სერგი კაპანაძე, ევროპული საქართველო: „ის, რომ ბატონმა ბახტაძემ დატოვა თანამდებობა ყველას გვესმის, რომ მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ისევე როგორც პრემიერობა არ ყოფილა მისი გადაწყვეტილება. ეს იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება. ეს არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც არ დარჩება საქართველოს ისტორიაში არც ისე და არც ასე, არანაირად. მან არაფერი გააკეთა, ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი და ეს მოსალოდნელიც არის იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს. ახლა სერიოზული კითხვა არის და მნიშვნელოვანია შემდეგი პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება, არა იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრს რამის შეცვლა შეუძლია სასიკეთოდ ამბავი ქვეყანაში, როდესაც ივანიშვილი იღებს ყველა გადაწყვეტილებას, არამედ იმიტომ, რომ გავარკვიოთ ივანიშვილი გაბედავს თუ არა და დანიშნავს თუ არა გახარიას… თუ ეს მან გააკეთა, ეს იქნება პირდაპირი ნიშანი, რომ ის არის სრულიად არაადეკვატური“.
დავით უსუფაშვილი, შენების მოძრაობა: „მან [ბახტაძე] თქვა, რომ ქვეყანას დაუტოვა მრავალწლიანი წარმატებული განვითარების სტრატეგია, ჩარჩო და ვალმოხდილი მიდის თანამდებობიდან. ე.ი. მომავალ წლებში ვიხილავთ ჩვენ ამ შედეგებს. ვინაიდან მიმდინარე პროცესებში მაინცდამაინც სასაუბრო ბევრი არაფერია“.
ეკა ბესელია, დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია – სამართლიანობისთვის დამფუძნებელი: „გადაწყვეტილებები, რომელიც ასე ხშირად მიიღება მთავრობის მეთაურის ცვლილებებთან დაკავშირებით და ერთი საპარლამენტო ციკლის პერიოდში რამდენჯერმე იცვლება პრემიერი, ეს მეტყველებს არასტაბილურობაზე და იმ საპროგრამო გეგმის მიმართ ასევე არასერიოზულ დამოკიდებულებაზე, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს სამთავრობო გუნდთან ერთად… ისე ხდება ამ სამთავრობო ცვლილებების მიღება, რომ მედიას და საზოგადოებას უწევს გამოიცნოს ვინ ვის შეცვლის და არ ხდება წინასწარ, მათ შორის, მმართველ პარტიაში მსჯელობა და რაღაც გააზრებული გადაწყვეტილების მიღება. მმართველობითი კრიზისის გამოხატულებაა ისიც, რომ ერთ დღეს მსჯელობენ მხოლოდ პრემიერის შეცვლაზე და იმავე დღეს არ იცის უმრავლესობამ მთავრობაში რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს“.
გიორგი ახვლედიანი, ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობა: „ბახტაძის გადადგომა და პრემიერ-მინისტრის შეცვლა ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება პრაქტიკულად გადაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში… პრემიერ-მინისტრად უნდა დაინიშნოს ადამიანი, რომელიც ჩაატარებს საპარლამენტო არჩევნებს, ამიტომ ეს ადამიანი გარკვეულწილად უნდა იყოს სრული ძალაუფლებით, ნდობით აღჭურვილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და გარკვეულწილად უნდა შესწევდეს უნარი სახელისუფლებო შტოების მოჭიმვის“.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)