პრემიერად გახარიას წარდგენას პოლიტიკოსები აფასებენ 

სამშაბათს, 3 სექტემბერს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა.

მთავრობის მეთაურის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. სამოქალაქო საქართველო ამ შეფასებებს გთავაზობთ. 

მმართველი გუნდი

მამუკა მდინარაძე – ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე: „გიორგი გახარიას დაუგროვდა ძალიან პოზიტიური გამოცდილება, როგორც უფლებების დაცვის სფეროში აქედან დაიწყო მან, ეკონომიკის სფეროში, სადაც წარმატებით ართმევდა თავს თავის მოვალეობას… გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ის არის კანდიდატი, რომელმაც უნდა დაიკავოს პრემიერის თანამდებობა… დღევანდელ სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა… ქართულ ოცნებას გაუჭირდება თუ არ გაუჭირდება, ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ მისი აღმატებულება საზოგადოების და ხალხის გადასაწყვეტი. ხალხი წყვეტს ყველა პოლიტიკური სუბიექტის ბედს, ხალხს გამოაქვს ის გადაწყვეტილება, რასაც შემდეგ არჩევნებზე აფიქსირებს და რომელიც ხელისუფლებას და ძალაუფლებას ანიჭებს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხალხი ფიქრობს სწორად, როგორც ძალიან ხშირად და როგორც თითქმის ყოველთვის და აქედან გამომდინარე, ვამბობთ, რომ როდესაც ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა, ხალხიც ბუნებრივია იღებს სწორ გადაწყვეტილებას. ეს სწორი გადაწყვეტილება კიდევ უფრო პოზიტიურად მოქმედებს მომავალზე. ნაციონალური მოძრაობის ისტერია, დაგეგმილი რაღაც კამპანიები მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარეობს, რომ მათ მიერ სპონტანურად თუ არასპონტანურად დაგეგმილი გავრილოვის რევოლუცია არ შედგა და ეს, უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება იყო“.

გია ვოლსკი – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „ნდობა და მხარდაჭერა გახარიას ექნება, მის წარმოდგენილ კანდიდატურებსაც, ცვლილებებსაც… საზოგადოების იმ ნაწილს და საერთოდ, საზოგადოების იმ ნაწილის გარდა, არსებობს კიდევ საზოგადოების სხვა ნაწილიც, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. რაც უნდა მცირე იყოს ხალხის, საზოგადოების ის ჯგუფი, რომელიც გადადგომას ითხოვენ იმათაც კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეთ, რასაკვირველია და მე ვფიქრობ, ეს არის მთავარი თემა, რაც ჩვენ გვაღელვებს… პოლიტიკურმა ოპოზიციამ, გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ტოლობის ნიშანი დასვას თავის დანაშაულებრივ მმართველობასა და 20-21 ივნისის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევებს შორის. ხელისუფალთა დამოკიდებულება ხალხის მიმართ არის აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული, რაც მოხდა 20 ივნისს მე ვფიქრობ არის თავიდან-ბოლომდე დანაშაული იმ ადამიანების, ვინც წაახალისა პარლამენტზე შეტევა“.

ოპოზიცია

ზაალ უდუმაშვილი – ნაციონალური მოძრაობა: „ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, უმძიმესი საკუთარი თავისთვის და ქართული ოცნებისთვის. იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობამ შეიძლება ბევრი რამე აიტანოს, მათ შორის, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რომელიც შვიდი წელია ქვეყანაში არის, მაგრამ ჩვენ არასოდროს შევეგუებით ჩვენს შეურაცხყოფას, საქართველოს მოსახლეობა არასდროს შეეგუება, რომ გავრილოვი იყოს პრემიერ-მინისტრი. დიახ, საქართველოს პრემიერ-მინისტრად წარადგინეს გავრილოვი. ადამიანს, რომელმაც გავრილოვის გამო, რუსთაველის გამზირზე უდანაშაულო ახალგაზრდების სისხლი დაღვარა, იმის მაგივრად, რომ თანამდებობიდან გადაეყენებინა, დღეს დაწინაურებას და პრემიერ-მინისტრად გახდომას უპირებენ. ეს არის პირდაპირი გზავნილი მოსკოვისთვის და მოსკოვიდან მადლობას ელოდებიან. მეორე გზავნილი საქართველოს მოსახლეობას უთხრეს, რომ საერთოდ არ აინტერესებთ, რამდენი დღე იდგებით ქუჩაში და რას გააპროტესტებთ… ეს არის შეურაცხყოფა საქართველოს მოსახლეობის და პასუხს მიიღებს ზუსტად ადეკვატურს. პასუხი იქნება ძალიან მკაცრი და მძიმე ივანიშვილისთვის“.

დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ქართული ოცნების და ივანიშვილის მხრიდან ღია ომის გამოცხადებას ქართული საზოგადოებრივი აზრისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ ოცნებას აღარ აინტერესებს, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება და, ასევე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან მძიმე პერიოდში, პერიოდში როდესაც ქართული ოცნების ამოცანა მკაფიოდ იქნება ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკით არასასურველი ადამიანების დაპატიმრებებით, მედიის კონტროლით, აქციების დაშლით მიაღწიოს არჩევნებში გამარჯვებას და არა კეთებით და ხალხის მდგომარეობის შეცვლით. ამიტომ, გახარიას დანიშვნა ერთის მხრივ არის სიმბოლო საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ მკაფიო წასვლის და მეორე მხრივ – სიმბოლო თუ რა პოლიტიკა ექნება ქართულ ოცნებას [და ეს არის] არა ხალხის პრობლემების მოგვარება, არამედ არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ქართული საზოგადოებისთვის, ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისთვის და მომავალი წლის განმავლობაში ხელისუფლება აუცილებლად იხილავს ამის პასუხს და იმედი მაქვს, რომ მთავარ პასუხს [მიიღებს] არჩევნებზე, როდესაც სახლში გაუშვებს ხელისუფლებას“.

თამარ კორძაია – რესპუბლიკური პარტია: „ბოლო წამამდე მეგონა, სანამ მას გვერდით არ მოიყენებდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეყოფოდა გონიერება და არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდოდა პრეზიდენტად და დასვა, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ თავზე გადაუაროს მთელ საქართველოს და დასვას გახარია პრემიერ-მინისტრად და ის ამას აკეთებს. სავალალოა ეს მდგომარეობა, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ პრინციპში არ არსებობს ამ ქვეყანაში თავისუფალი ნება. არ არსებობს გადაწყვეტილებების მიღების უნარი, გარდა იმისა, რასაც ისურვებს ბიძინა ივანიშვილი. არანაირი გონივრული ახსნა არ აქვს დღეს გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენას… ღირსებას როდესაც ხელყოფს ბიძინა ივანიშვილი ამაზე ის აუცილებლად მიიღებს პასუხს, თითოეულ ჩვენგანს დღეს მან ღირსება შეულახა“.

გიორგი გახარია პრემიერობის კანდიდატად 3 სექტემბერს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პირადად წარადგინა და თქვა, რომ მან ეს თანამდებობა დაიმსახურა. პრემიერის-მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მამუკა ბახტაძემ 2 სექტემბერს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)