ცხინვალმა ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე „სასაზღვრო ნიშნები“ და დროშა აღმართა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, „სასაზღვრო სამსახურის“ ჯგუფმა გამყოფი ხაზის ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე სოფელ წნელისთან პოზიციების გამაგრება დაიწყო

ე.წ. უშიშროების კომიტეტის თქმით, ოსი „მესაზღვრეები“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დანარჩენი საქართველოსგან გამყოფ ხაზზე, ზღვის დონიდან 944.8 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტერიტორიაზე ავიდნენ, სადაც „სახელმწიფო საზღვრის“ ნიშანი და მათი დროშა აღმართეს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ეს ნაბიჯი, რომელიც „მშვიდობიან, ჰუმანიტარულ ოპერაციას“ წარმოადგენს, „ქართული მხარის პროვოკაციის“ საპასუხოდ გადადგეს. მათი თქმით, მისი მიზანი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაა“.

ოკუპანტთან მოთანამშრომლე ცხინვალის რეჟიმის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ 5 სექტემბერს გავრცელებულ ცნობაში აღნიშნა, რომ „ჰუმანიტარული ოპერაცია“ მათი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის დავალებით მიმდინარეობს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა დამატებითი ინფორმაცია და მსხვილმასშტაბიანი რუკა გაავრცელა, სადაც „სასაზღვრო ნიშნის“ ადგილმდებარეობაა მითითებული.

ცხინვალმა 4 სექტემბერს გაავრცელა რუკა, რომელზეც ზღვის დონიდან 944.8 მეტრის სიმაღლე მე-17 ნომრადაა მონიშნული. ამ რუკის მიხედვით, ქართული მხარის საგუშაგო ოკუპაციის ზოლის შიგნითაა რამდენიმე ასეული მეტრით.

ამ საკითხზე დღეს კომენტარები გააკეთეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტან გომელაურმა, რომელიც ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს, და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, ქეთევან ციხელაშვილმა. მათი თქმით, ოფიციალური თბილისი ადგილზე სწავლობს ვითარებას და ცხელი ხაზით უკავშირდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), ინფორმაციის დასაზუსტებლად.

„ჩვენი ინფორმაციით, დროშა აღმართეს. დასაზუსტებელია, რა ადგილია [ეს], ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიაა, თუ მათი კონტროლირებადი ტერიტორია… დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს“, – აღნიშნა გომელაურმა.

ციხელაშვილის განმარტებით, ყველაფერი კეთდება, რათა ვითარების დამშვიდებისკენ გადაიდგას ნაბიჯები და მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ყორნისის (ოსურად „ზნაურის“) რაიონის სოფელ წნელისის მახლობლად ქართულმა მხარემ საპოლიციო პოსტის მოწყობა დაიწყო, რასაც ოკუპირებული ცხინვალის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ცხინვალმა საქართველოს ხელისუფლება დესტაბილიზაციასა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის პირდაპირი საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა.

ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის გამო, ცხინვალის წარმომადგენლებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  (IPRM-ის) შეხვედრაზე თბილისს საპოლიციო პოსტის გაუქმება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კი საპასუხო ზომებით IPRM-ის ფორმატის ჩაშლით დაიმუქრნენ. საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის მოთხოვნა არ შეასრულა.

30 აგვისტოს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მხრიდან, ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიდამოებში ქართული საპოლიციო პოსტის მოწყობასთან დაკავშირებით, IPRM-ის ფორმატში, თბილისის, ცხინვალისა და მოსკოვის წარმომადგენელებმა სოფელ წნელისში პირველი ტექნიკური შეხვედრა გამართეს. რის შემდეგაც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ქართული საგუშაგოს მოშლა არ იგეგმება.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)