საგარეო უწყება ცხინვალის მიერ ე.წ. „საზღვრის ნიშნის“ აღმართვით შეშფოთებულია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული „უკანონო და პროვოკაციული“ მოვლენების ფონზე, საოკუპაციო რეჟიმის ძალების მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავების, ე.წ. „საზღვრის ნიშნის“ განთავსებისა და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოს დაწყების გამო, „განაკუთრებულ შეშფოთებას“ გამოხატავს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 სექტემბრის განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს „მიზანმიმართული“ ქმედებები პროცესთა ერთიანი ჯაჭვია, რომლის ერთ-ერთი მიზანია ქართულმა მხარემ ე.წ. დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს. სამინისტრო ამბობს, რომ აღნიშნული „ფუჭი მცდელობა“ საქართველოს ხელისუფლებისათვის მიუღებელია და რომ „შიდა ადმინისტრაციული საზღვარი არ საჭიროებს არავითარ დაზუსტებას“.
საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის გამოც, რაც უწყების შეფასებით, „უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლებას და სრულ იზოლაციაში აქცევს ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას ამწვავებს“.
„მსგავსი ნაბიჯები იწვევს მხოლოდ ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას და ძირს უთხრის საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იქვე აღნიშნავს, რომ მომხდარის შესახებ „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების“ თანათავმჯდომარეებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.
საგარეო უწყება საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს.
ამასთან, სამინისტრო საოკუპაციო რეჟიმს, პროვოკაციული ქმედებების ნაცვლად, მოლაპარაკებების ფორმატში „კონსტრუქციული“ მონაწილეობის მიღებისკენაც მოუწოდებს, იქნება ეს „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები“, თუ მის ფარგლებში მოქმედი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების“ შეხვედრები.
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მიიღოს ქმედითი ზომები ვითარების განმუხტვისათვის. სამინისტრო რუსეთს ასევე მოუწოდებს, შედეგზე ორიენტირებული ჩართულობით, ხელი შეუწყოს „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში“ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების მოგვარებას.
საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართავს და მათ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო და დესტრუქციულ ნაბიჯებზე სათანადო რეაგირებისა და ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)