არასამთავრობოები „დემოკრატიის უკუსვლასა“ და „სახელმწიფოს მიტაცებაზე“ საუბრობენ
16-მა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მეგობარ ქვეყნებს სთხოვს, ყურადღება მიაქციონ „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და სახელმწიფოს მიტაცების მხრივ არსებულ სავალალო მდგომარეობას“, ასევე შეინარჩუნონ „საქართველოს მიმართ ინტერესი და ჩართულობა“, რათა „აიძულონ“ ქვეყნის ხელმძღვანელობა განახორციელოს იმგვარი დემოკრატიული ცვლილებები, რომლებიც „თანხვედრაში იქნება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაცხადებულ მიზანთან“.
არასამთავრობოები „შეშფოთებას“ გამოთქვამენ საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენებით, კერძოდ, „ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრაციით მმართველი პოლიტიკური პარტიის ხელში, რის გამოც დარღვეულია ძალაუფლების დანაწილების ბალანსი და ინსტიტუციების სიცოცხლისუნარიანობა“. ისინი ასევე ყურადღებას ამახვილებენ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გავლენაზე და აცხადებენ, რომ მისი „არაფორმალური მმართველობა“ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.
ერთობლივ განცხადებაში, არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხებიან.
მათი თქმით, „საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო პოლიტიკური ნების გამოვლენა ბოლო წლების განმავლობაში ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად“. მათივე თანახმად, მმართველმა პარტიამ მტკიცე და თანმიმდევრული პოლიტიკური ნება ვერც სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით გამოავლინა.
არასამთავრობოები ყურადღებას „პოლიტიკური კონკურენციის არათანაბარი გარემოზეც“ ამახვილებენ. მათი თქმით, მმართველი გუნდის ინიციატივამ – მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს – „შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საარჩევნო გარემო“, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ „მმართველი პარტია საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც გეგმავს, რომელთა ამოქმედების შემთხვევაში, შეიძლება მნიშვნელოვნად დაზიანდეს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების არსებული სტანდარტები“.
განცხადების ავტორები საქართველოში რუსული პროპაგანდის პრობლემასაც ეხებიან. მათი თქმით, „მთავრობა არათუ ცდილობს რუსულ პროპაგანდასთან გამკლავებას, არამედ პირიქით, ბევრი შემთხვევა ადასტურებს, რომ პრორუსული, ულტრანაციონალისტური და აგრესიული ჯგუფები კანონზე მაღლა დგანან და მათ არავინ თხოვს პასუხს აგრესიული ქმედებებისა და აგრესიისკენ მოწოდებებისთვის“.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მედიის დამოუკიდებლობა საქართველოში „ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად“ რჩება. მათი თქმით, „ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელევიზიის – “რუსთავი 2”-ის მფლობელთა ცვლილების შემდეგ, მედია პლურალიზმს სერიოზული საფრთხე ემუქრება“.
განცხადებაში „პოლიტიკურად მოტივირებულ“ გამოძიებასა და სამართლებრივ დევნაზეც არის საუბარი, რის მაგალითადაც არასამთავრობო ორგანიზაციები თიბისი ბანკის დამფუძნებლებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მფლობელებისათვის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორისთვის ნიკა გვარამიასთვის, „ტელეკომპანია პირველის“ მფლობელის მამისთვის, ასევე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებისთვის ბრალის წაყენებას ასახელებენ.
„მიგვაჩნია, რომ ეს მაგალითები მოკლედ და სრულყოფილად ასახავს საქართველოს ყველა ძირითად პრობლემას: სახელმწიფო ინსტიტუციების გამოყენება პოლიტიკური სარგებლისთვის, პოლიტიკური ანგარიშსწორება, ორკესტრირებული თავდასხმები სოციალურ მედიაში, ზეწოლა თავისუფალ მედიაზე და შესაძლო რუსული გავლენა მმართველ ელიტაზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- ღია საზოგადოების ფონდი
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- მედიის განვითარების ფონდი
- საზოგადოება და ბანკები
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
- მწვანე ალტერნატივა
- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- საფარი
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)