„რისკი ცალსახად არსებობს“ – ინტერვიუ ანდერს ფოგ რასმუსენთან
ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი 2009-2014 წლებში, ამბობს, რომ საქართველოს ნატოში სწრაფად გასაწევრიანებლად შეუძლია, დროებით უარი თქვას ალიანსის მეხუთე პუნქტის მის ოკუპირებულ რეგიონებზე გავრცელებაზე. რასმუსენმა გვითხრა, რომ რისკი ნამდვილად არსებობს, რუსეთმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შეჩერება კვლავაც სამხედრო აგრესიით სცადოს. თუმცა, ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ამ რისკის აწონ-დაწონვა მაინც ღირს. რასმუსენი იმასაც ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს მოუწევს ქვეყნის შიგნით საკითხზე კონსენსუსს მიაღწიოს. რასმუსენის განცხადებაზე გუშინდელმა გამოხმაურებებმაც ნათლად აჩვენა, რომ ყოფილი გენერალური მდივანი, ამ მხრივ, მართალს ამბობს.
რასმუსენის გუშინდელ გამოსვლას თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ქართულ მედიაში წინააღმდეგობრივი გამოხმაურება მოჰყვა. რასმუსენის სიტყვის არაზუსტ ქართულ ვერსიაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ ორგანიზაციაში მისი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე „ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა“ იქნებოდა.
ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს „მაკკეინის ინსტიტუტისა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ მოწყობილ თბილისის მეხუთე საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია. „სამოქალაქო საქართველოს“ Civil.ge) სახელით ყოფილ გენერალურ მდივანს ვაჟა თავბერიძე ესაუბრა, რომელიც ეცადა კიდევ უფრო მეტი მოესმინა ბატონი რასმუსენის მოსაზრებაზე და მასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე.
„სამოქალაქო საქართველო“ დიდ მადლობას უხდის „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტს“ (Georgian Institute for Security Policy – GISP) ანდერს ფოგ რასმუსენთან ინტერვიუს ჩატარებისათვის გაწეული დახმარებისათვის.
ვაჟა თავბერიძე /„სამოქალაქო საქართველო“: კონფერენციას საკმაოდ დამაფიქრებელი სახელი შეურჩიეს – “Now What?” – და მინდა, თქვენც ამავე კითხვით მოგმართოთ: რას უნდა ველოდოთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით? სად ვართ და საით მივდივართ?
ანდერს ფოგ რასმუსენი: ვიტყოდი, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება: უღირს თუ არა საქართველოს გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ იმ დათქმით, რომ დროებით, ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი, კოლექტიური თავდაცვის შესახებ, თქვენს დე-ფაქტო ოკუპირებულ რეგიონებზე არ გავრცელდეს. ეს გულისხმობს, რომ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი გავრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღესდღეობით აკონტროლებს საქართველოს მთავრობა. ეს ბევრს შეიძლება ჩახლართულ საკითხად მოეჩვენოს, მაგრამ მსგავსი პრეცედენტი უკვე გვაქვს ნატოში – 1955 წელს აღმოსავლეთ გერმანიას (გდრ) ნატოში გაწევრების უფლება არ მიეცა, მაშინ როცა დასავლეთ გერმანია გახდა ნატოს წევრი. მეხუთე მუხლი არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე, სანამ გერმანია არ გაერთიანდა. ზუსტად იგივე შეიძლება გაკეთდეს საქართველოს შემთხვევაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმართებაში. ვფიქრობ, ეს საკითხი დიდი კამათის საგანი გახდება საქართველოში, ამიტომ აჯობებს მსგავსი გადაწყვეტილება თვითონვე მიიღოთ, და თუ გადაწყვეტთ, რომ ეს გსურთ, მერე უნდა „მიხვიდეთ“ ნატოსთან და უთხრათ: „აი, ჩვენ მზად ვართ, ახლა რას იტყვით?“
Q: როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ნატოს პასუხი? იზიარებენ თქვენი ყოფილი კოლეგები თქვენს მიდგომას?
A: დღეს, არამგონია, დღეს კონსენსუსის გარანტიას ვერ მოგცემდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი პირველი ნაბიჯი ამ პროცესის დასაძვრელად. ამ შემთხვევაში, ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწევთ დაიწყონ უფრო რეალისტური დისკუსია იმაზე, ეთანხმებიან თუ არა ნატოში საქართველოს მიღებას, რადგან ფაქტია, რომ საქართველო ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს ამისთვის: თქვენ ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ხართ, დიდი წვლილი შეგაქვთ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და თქვენი სამხედროები საჭირო სტანდარტებს აკმაყოფილებენ.
Q: გააქარწყლებს თუ არა ეს თქვენი მოდელი იმ სკეპტიციზმს, რომელიც დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებს აქვთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?
A: დაუყოვნებლივ არა, მაგრამ ვფიქრობ საჭიროა ამ ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ ეს პროცესი, ასე ვთქვათ, გადავტვირთოთ. რადგან ახლა სკეპტიკოსებისთვის ძალიან ადვილია, ამ დისკუსიას თავი აარიდონ და უბრალოდ ხელი გაიშვირონ გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტებისკენ, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმით, ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, განტოლებიდან გაქრება. შესაბამისად, ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწევთ იმაზე მსჯელობა, რომ საქართველო ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
Q: გერმანიის მაგალითი ახსენეთ. ზედმეტ სკეპტიციზმში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ გულწრფელად გჯერათ, რომ დასავლეთისთვის საქართველოსაც ის გეოპოლიტიკური წონა აქვს, რაც მაშინ გერმანიას ჰქონდა?
A: გერმანია, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დიდი ქვეყანაა, ცენტრალურ ევროპაში მდებარეობს და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ეს, ცხადია, გარკვეულ როლს თამაშობს. მაგრამ ნუ დავაკნინებთ საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობასაც: ეს არის დერეფანი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. შეხედეთ თუნდაც გაზისა და ნავთობსადენების მიმართულებას და ცხადი გახდება, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს სტრატეგიული კუთხით. სწორედ ამიტომაა რუსეთი ასე ძალიან დაინტერესებული იმით, თუ რა ხდება საქართველოში. მაგრამ ამ ფაქტების გარდა, ჩვენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს უნდა შევხედოთ ასევე დემოკრატიული და მორალური გადმოსახედიდან. უნდა უზრუნველვყოთ, რომ დემოკრატია, თავისუფლება და სუვერენული ქვეყნების თავისუფალი არჩევანი მხოლოდ სიტყვებად არ დარჩეს. სწორედ ამიტომაა საჭირო, ალიანსში მივიღოთ საქართველო, უკრაინა და სხვა განაპირა ქვეყნები.
Q: კრემლის სავარაუდო რეაქციაზეც ვისაუბროთ – ვთქვათ, საქართველომ მართლაც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. რა მოხდება, თუ რუსეთი, მაგალითად, გადაწყვეტს სამხრეთ ოსეთშიც ყირიმის ტრიუკი გაითამაშოს?
A: დიახ, მაგრამ ეს არის რისკი [რომელზე წასვლაც მოგიწევთ]. მსგავსი რისკი ცალსახად არსებობს. შეკითხვა უნდა დავსვათ ასე: უფრო სარისკო ხომ არ არის, საერთოდ არაფერი იღონოთ? ჯერ-ჯერობით, რეალობა არის ის, რომ აფხაზეთი და ოსეთი ისედაც ოკუპირებული აქვს რუსეთს და საქართველო უწევს, გაუძლოს კრემლის მცდელობებს, მის საქმეებში ჩაერიოს. რა უფრო სარისკოა – ამ ნაბიჯის გადადგმა თუ ამაზე არ წასვლა? მე ამაზე ვერ გიპასუხებთ, ვფიქრობ, საქართველომ ეს უნდა განიხილოს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
Q: 2008 წლის ბუქარესტის სამიტი გავიხსენოთ, თქვენ თვითონვე მითხარით ადრე, რომ ნანობდით, რომ რუსეთს მაშინ დრო მიეცა ემოქმედა და საქართველოში შემოჭრილიყო, სანამ საქართველო მაპ-ს [MAP – Membership Action Plan – გაწევრიანების სამოქმედო გეგმა- რედ. შენიშვნა] მიიღებდა. შესაბამისად, მინდა გკითხოთ – თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, შემდეგ კი ნატოში ხანგრძლივი მოლაპარაკებები დაიწყება, რა უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ რუსეთმა ისევ არ იხელთოს დრო და თუნდაც 2008 წლის აგვისტოს სცენარი არ განმეორდეს?
A: დიახ, ჩვენი მაშინდელი გადაწყვეტილება იყო უკიდურესად სახიფათო სიგნალი პუტინისთვის. ეს იყო მინიშნება, რომ ნატოში არ იყო ერთსულოვნება, დაგვეცვა ჩვენი მეზობლები აღმოსავლეთით. ასე რომ ის შეტევაზე გადმოვიდა, რადგან ფიქრობდა: „შემიძლია ეს გავაკეთო და ვერაფერს დამაკლებენ, სერიოზული შედეგები არ მოყვება“. და ასეც მოიქცა. ასე რომ, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეს რისკებიც უნდა გაითვალისწინოთ. ეს არის რისკი, ვიცი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პუტინს დღეს დე-ფაქტო ვეტო აქვს საქართველოს ნატოში გაწევრებაზე. იმიტომ, რომ პირდაპირ გეტყვით, ნატოს არ სურს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების იმპორტი ალიანსის შიგნით. რაც არ უნდა დასანანი იყოს, ეს ფაქტია. ასე რომ ჯობია რეალობას თვალებში შევხედოთ, მაგრამ საქართველოს შეუძლია ამ ნაბიჯის გადადგმით პუტინს ეს დე-ფაქტო ვეტო ხელიდან გამოაცალოს და თქვას – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ დავთმობთ, მაგრამ თანახმა ვართ, ახლო მომავლის განმავლობაში ვიყოთ ნატოს წევრები ამ ორი ქართული ტერიტორიის [ნატოს მეხუთე მუხლით დაფარვის] გარეშე.
Q: იქნებოდა თუ არა ნატოში მაპ-ის გარეშე, დაჩქარებული ტემპით შესვლის პროცედურა გამოსავალი, თუ არ გვსურს რუსეთს მოქმედების ფანჯარა მივცეთ? არის თუ არა რეალური საქართველოს ნატოში გაწევრება მაპ-ის გარეშე?
A: მაპ-თან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ ნატოს წევრი ქვეყანა გახდეთ. ბევრი ასე ფიქრობს, მაგრამ ეს ასე არაა – მრავალი სხვა შანსიც არსებობს ნატოში გასაწევრიანებლად. ასე რომ, დიახ, [უმაპოდ გაწევრიანება] რეალურია, რადგან ნატო-საქართველოსა და ყოველწლიური პროგრამის მუშაობის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ზუსტად ისეთი პროგრესი აქვს, როგორიც ექნებოდა მაპის შემთხვევაში. ასე რომ, თქვენ შეიძლება სხვა, მაპ-ისგან განსხვავებულ ბილიკზე მიაბიჯებდეთ, მაგრამ საბოლოო დანიშნულების პუნქტი იგივეა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)