საქართველოს და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რომელიც 11-13 სექტემბერს პირველი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთს სტუმრობს, დღეს თავის უზბეკ კოლეგას, აბდულაზიზ კამილოვს შეხვდა, სადაც მხარეები ორმხივი ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავონ. ამავე ინფორმაციით, უზბეკეთი „დაინტერესებულია გამოიყენოს საქართველოს სატრანზიტო-სატრანსპორტო პოტენციალი და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რეჟიმით არსებული შესაძლებლობები“.
საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, განსაკუთრებით თბილისსა და ტაშკენტს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შემდეგ. მინისტრები შეთანხმდნენ, შემუშავდეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საგზაო რუკა.
„უზბეკეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალური აზიის რეგიონში… მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მიმართ, ამ ქვეყანას დიდი ინტერესი აქვს, რადგანაც უზბეკეთში დიდი რაოდენობით პროდუქციაა, რომელიც შეიძლება საქართველოს გავლით იყოს გატანილი ევროპულ ბაზარზე“, – განაცხადა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და დასძინა, რომ „სწორედ ამ თვალსაზრისით, საქართველოს პორტების დანიშნულება და სატრანსპორტო-დამაკავშირებელი ხაზის გამოყენება უზბეკეთისთვის იქნება პრიორიტეტული“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე, მათ შორის ინიციტივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
ტაშკენტში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ასევე შეხვდა უზბეკეთის ოლი მეჯლისის სენატის ვიცე-სპიკერს სადიკ საფოევს. დაგეგმილია ასევე შეხვედრები უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან აზიზ აბდუხაკიმოვთან. ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)