რკინისგზებსა და შარაგზებზე ყაჩაღური თავდასხმები გახშირდა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 18 სექტემბერი, N209
გზათა სამინისტროში
მატარებლის ძარცვა
სექტემბრის 16-ს საღამოს 10 საათზე ბოროტგამზრახველებმა გააჩერეს რიონიდან ქუთაისს მიმავალი მატარებელი N79 და გაძარცვეს უკანა ვაგონის მგზავრები. წაიღეს 200 ათასამდის ფული და ერთი ჩემოდანი. ბოროტგამზრახველთა შესაპყრობად მიღებულია ზომები.
კავთისხევთან მატარებლის გაძარცვის გამო
რკინიგზის მილიციის უფროსის განკარგულებით დაპატიმრებულ იქმნენ და გამომძიებელს გადაეცნენ: ივანე იგორის ძე, არშაკ გრიგოლის ძე და ვასილ სტეფანის ძე მერაბიშვილები, სერგო გიორგის ძე ყაზარაშვილი, ზურაბ მიხას ძე დალაქიშვილი, ვასილ სიმონის ძე თურქაძე, ნიკოლოზ გიორგის ძე ზაქარაშვილი და ივანე შიოს ძე პავლიაშვილი, რომელნიც კავთისხევთან ნახეს მატარებლის გაძარცვის ღამეს მილიციელებმა შეიარაღებულნი.
ფოსტის გაძარცვა
სექტემბრის 17-ს დილის 10 საათზე კოჯორ-მანგლისის გზაზე კოჯრიდან 4 ვერსის მოშორებით ბოროტგამზრახველებმა გასძარცვეს ტფილისიდან მანგლისს მიმავალი ფოსტა. მოჰკლეს შოფერი და წაიღეს 59 ათასი მანეთი.
დაწვრილებითი ცნობა ნატანებთან მატარებელზე თავდასხმის გამო
როგორც გუშინ გვქონდა აღნიშნული, 16 სექტემბერს ღამით სადგ. ქობულეთსა და ნატანებს შუა ბოროტგანმზრახველებმა აჰყარეს ლიანდაგი იმ დროს, როდესაც სასწრაფო მატარებელს უნდა ჩამოევლო. ორთქმავალი და ბარგის ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა. მსხვერპლი არ ყოფილა. როგორც კატასტროფა დამთავრდა, ბოროტგანმზრახველებმა ალყა შემოარტყეს მატარებელს და დაიწყეს ძარცვა. მგზავრებს ართმევდნენ ფულს, ძვირფასს ნივთებს, ბარგს ურმებზე აწყობდნენ. ერთმა მილიციონერმა წინააღმდეგობის გაწევა განიზრახა, მაგრამ ბოროტგამზრახველებმა მას ესროლა და მძიმეთ დასჭრა გულში იმავე ტყვიით დაიჭრა იქვე მდგომი თამარ მონიავა. გაძარცვული მატარებელი ჩამოვიდა ტფილისში 22 საათის დაგვიანებით.