ამერიკის ხმა ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტს „ღრმად შემაშფოთებელს“ უწოდებს
ამერიკის ხმამ 17 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნა იმ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც 15 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“ გავიდა და რომელთან დაკავშირებითაც ამერიკის ხმა აცხადებს, რომ მისი ჟურნალისტის, ჯიმ მალონის კომენტარი „კონტექსტიდან იქნა ამოღებული“.
ქვემოთ მოცემულია განცხადების სრული ტექსტი:
„ამერიკის ხმის გამოცდილ ჟურნალისტს ჯიმ მალონს ქართულმა ტელეკომპანია „იმედმა“ ინტერვიუ სთხოვა შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასაუბროდ. 13 სექტემბერს, მან ტელეკომპანიას მისცა ეს ვიდეო ინტერვიუ.
ინტერვიუს მიმდინარეობისას, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა დაიწყო შეკითხვების დასმა ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ და მას კომენტარი სთხოვა რამდენიმე ამერიკელი პოლიტიკის მწარმოებლის გავლენაზე ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატების შესარჩევ პროცესზე. შეკითხვების ეს ხაზი ინტერვიუს თავდაპირველ თემას სრულიად სცდებოდა და ბატონმა მალონმა განაცხადა, რომ ამ ადამიანების სახელები მას იმ წუთას და ამერიკის არჩევნების კონტექსტში არ ეცნობოდა და რომ არ სურდა მათზე კომენტარის გაკეთება.
ბატონი მალონი „ამერიკის ხმის“ გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც ამერიკულ პოლიტიკას წლებია აშუქებს. ნებისმიერი მცდელობა, ამ ინტერვიუში მისი პასუხები ამოღებულ იქნას კონტექსტიდან იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტების კალიბრს და კვალიფიკაციას, ან იმისთვის, რომ არასწორად იქნას გადაცემული „ამერიკის ხმის“ საქმიანობა საქართველოში ნებისმიერ სიახლესთან დაკავშირებით, ღრმად შემაშფოთებელია“.
დღეს ტელეკომპანია „იმედმა“ განცხადებითვე უპასუხა და აღნიშნა, რომ „15 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“ გასული სიუჟეტის მომზადებისას ავტორები (რუსუდან შელია და „იმედის“ კორესპონდენტი ვაშინგტონში დემნა დევდარიანი) მოქმედებდნენ პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით და ხელმძღვანელობდნენ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებით. შესაბამისად, ვერ დავეთანხმებით ავტორიტეტული მედიასაშუალების „ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობის პოზიციას, რომ ჯიმ მალონის კომენტარი არასწორ კონტექსტში იყო წარმოჩენილი. სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ მხარეს მივაწოდოთ აღნიშნული ინტერვიუს სრული (დაუმონტაჟებელი) ვიდეოჩანაწერი. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პატივისცემას „ამერიკის ხმის“ მიმართ და ვიმედოვნებთ, რომ მსგავს გაუგებრობებს მომავალში ადგილი არ ექნება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)