დააპატიმრეს ხონელები, რომლებმაც ხონისთვის ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა მოითხოვეს

„ჩვენი ქვეყანა“, სამშაბათი, სექტემბრის 23, 1919 წ. N158.

ხონის დეპუტაციის დატუსაღებისათვის

ხონის მოქალაქეთ განიზრახეს მთავრობისათვის პეტიციის წარდგენა.

პეტიცია სრულიად უწყინარი და მშვიდობიანია: მოითხოვენ, რომ ხონი ქალაქად არ იქნეს და თემად გადაკეთდეს.

ამგვარივე თხოვნა გაგზავნეს სამტრედიამა და ზესტაფონმაც, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა.

პეტიციის ან მოთხოვნის გაგზავნის უფლება, თუ კი ეს მოთხოვნა რესპუბლიკის ძირითად კანონებს წინ არ უდგია, მოქალაქეთა ყოველ კრებულს აქვს.

ეს – ელემენტარული საჯარო მოქალაქობრივი უფლებაა. მაგრამ ამ უბრალო ამბის გარშემო საშინელი კორიანტელი დააყენეს.

ვინ იცის, რა არ დააბრალეს პეტიციონერებს: დენიკინელობა, რეაქციონერობა და სხ.

რედაქციას აქვს ცნობები, რომ ამ შემთხვევაში რეაქციონერობასა და დენიკინელობაზე ლაპარაკიც კი მეტია.

მაგრამ, ვთქვათ, რედაქცია ცდება და ადმინისტრაციას აქვს ისეთი ფაქტები, რომელნიც აუცილებელ ჰყოფენ დეპუტაციის დატუსაღებას.

ამ შემთხვევაშიაც კი დარღვეულია მოქალაქის საჯარო უფლება.

კონსტიტუციის ძირითადი კანონებისა და თანახმად დატუსაღებულთათვის ოცდა ოთხი საათის განმავლობაში უნდა წარედგინათ დასაბუთებული ბრალდება.

ამის შესახებ კი აი რა მიამბო დეპუტაციის ერთერთმა წევრმა, ცნობილი ილია ხონელის ძმამ – ლუკა ბახტაძემ.

ჯერ ქუთაისში მოგვიყვანეს. წარვუდგი ქუთაისის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარეს. მან მაღალი ხმით დამტუქსა მაგრამ, როცა გარემოება აუხსენი, ერთმანეთს მეგობრებად დავშორდით.

ჩვენი საქმის შესახებ დადგენილებას თფილისიდან ელიან და ქუთაისში ერთს კვირეს ვართ დაკავებულიო.

ერთს დღეს არ გაუვლია ამ საუბრის შემდეგ, რომ ალბად თფილისიდან მოსული განკარგულების ძალით ჩემი ძველი მეგობარი და მისი ამხანაგები საპყრობილეში დაამწყვდიეს.

მაგრამ ლუკა ბახტაძე გამოცდილი ვექილია, შეგნებული აქვს თავისი მოქალაქობრივი უფლებაცა და მოვალეობაცა და შეწუხებულია არა მით, რომ დატუსაღებულია, არამედ მით, რომ ჩვენში ასე ადვილი ყოფილა მოქალაქის უფლების გათელვა.

სატუსაღოდან ხმა მომაწვდინა და შემომითვალა: გვიშუამდგომლეთ ადმინისტრაციის წინაშე, რომ წარმოგვიდგინონ ბრალდება მე და ჩემს ამხანაგებს და გვაგებიონ პასუხი სამართლის წინაშე. ერთს კვირეზე მეტია, რაც დაგვაკავეს, ახლა საპყრობილეში ჩაგვსვეს და არ ვიცით კი, რისთვის, რა დანაშაულისთვისო!

მივმართავ ადმინისტრაციას, ბრალმდებელსა და მოქალაქობრივი უფლების უზენაეს დაწესებულებათ: დაიცვან მოქალაქის უფლება და პასუხი მოსთხოვონ ამ უფლების შეურაცხმყოფელს.

კვერი