დამფუძნებელი კრება სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისს ესალმება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 21 სექტემბერი, N212

სალამი სამუსლიმანო საქართველოს

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსმა ამხანაგმა კრების წევრებს და დამსწრე სტუმრებს (მათ შორის, ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს ამიერკავკასიაში ოლივერ უორდროპს) შემდეგი სიტყვით მიმართა:

„თქვენ ყურადღებას მივაქცევ აგრეთვე ჩვენს ძვირფას სტუმრებს აჭარა-ქობულეთის, სამაჰმადიანო საქართველოს მეჯლისის წევრების მიმართ. თქვენ იცით, რა უაღრესი მნიშვნელობა აქვს იმ გრძნობას, რომ სამაჰმადიანო საქართველოს მეჯლისმა დაადგინა, რომ ჩვენი კეთილდღეობა და ბედნიერება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვნახავთ ჩვენ ღვიძლ ძმებს, მშობელ დედას და ვიცხოვრებთ მათთან ერთად ძმურად. ამ გადაწყვეტილების მომტანი არიან ჩვენი ძვირფასი სტუმრები სამაჰმადიანო საქართველოს მეჯლისის წევრები.

მხურვალე და ძმური სალამი მიუძღვნათ მათ და იმედს გამოვსთქვამ, რომ მალე საქართველოს ერთ მთლიან სახელმწიფოში სამაჰმადიანო საქართველო გასწევს ძმურ ცხოვრებას (ტაში).