პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო
საქართველოს პარლამენტმა 20 სექტემბერს 85 ხმით 1-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით, ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო. კოდექსის მიზანია საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციისა და სხვა შესაბამისი კანონების „ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობით“ ბავშვის კეთილდღეობას მიაღწიოს.
კოდექსი აღიარებს ბავშვის უფლებებს, მათ შორის, ღირსების დაცვის, სიცოცხლისა და განვითარების, თანასწორობის, გამოხატვისა და მონაწილეობის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის უფლებებს. კოდექსი სრულად 2020 წლის 1 ივნისიდან შევა ძალაში, თუმცა მანამდე, 2019 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს პარლამენტმა მისი სამოქმედო გეგმა უნდა მიიღოს.
20 სექტემბერს, კოდექსის ერთ-ერთმა თანაავტორმა სოფიო კილაძემ მისი მიღების შემდეგ თქვა: „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ამ კოდექსით დავიცავთ ჩვენს ბავშვებს, გავაძლიერებთ ოჯახებს და მივცემთ ბავშვებს უკეთეს განათლებას“.
UNICEF-მა, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს კოდექსის შესამუშავებლად ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა, დოკუმენტს „ინოვაციური მიღწევა“ უწოდა, რომელსაც „საქართველოში ბავშვების ცხოვრებაზე ხანგრძლივი ზემოქმედება ექნება.“ 20 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში UNICEF-მა აღნიშნა, რომ ახალი კოდექსი „აძლიერებს სახელმწიფო სისტემას, რაც თითოეული ბავშვის კეთილდღეობას და დაცვას უზრუნველყოფს“.
„კოდექსი წარმოადგენს სპეციალურ კანონს, რომელიც ბავშვის კეთილდღეობისთვის აუცილებელ ყველა ძირითად პრინციპს აერთიანებს. კოდექსი უხელმძღვანელებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, ადგილობრივ თვითმმართველობას, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს, საერთო სასამართლოებს, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებს და ინდივიდუალურ პირებს, თუ როდის იმუშავონ და მიიღონ გადაწყვეტილებები ბავშვების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
UNICEF-მა ასევე აღნიშნა, რომ „ყველა არსებული კანონი და პოლიტიკა ამ დოკუმენტთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს და უნდა შეიქმნას და დაიხვეწოს განხორციელების სათანადო მექანიზმები“. ამის გარდა, კოდექსი „ქმნის უფრო დიდ გარანტიებს ბავშვების ჩართვისა იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლებიც მათ ეხებათ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)