ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე გაზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 25 სექტემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
კომიტეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება, რის გამოც, ინფლაციური მოლოდინები კვლავ სახეზეა“. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
„ეროვნული ბანკი მუდმივ რეჟიმში აკვირდება ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებიდან მომდინარე ინფორმაციას და საჭიროების შესაბამისად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ბანკის დღევანდელ განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 23 ოქტომბერს ჩატარდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/08/2019 – ეროვნული ბანკის ჩარევამ ლარი მცირედით გაამყარა
- 30/05/2019 – ლარი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმზეა
- ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-ზე დატოვა –
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75 %-მდე შეამცირა –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)