საქართველომ და პარაგვაიმ უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო რივას პალასიოსმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და პარაგვაის ორდინალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„ვიმედოვნებ, რომ უვიზო რეჟიმი ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტებს და ბიზნეს შესაძლებლობებს“, – დაწერა ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. „გამოითქვა დაინტერესება, კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია ამ მიმართულებით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)