სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა
თბილისის, ცხინვალისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა 1 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, მეხუთე „ტექნიკური შეხვედრა“ გამართეს, სადაც ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან, ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიებზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საოკუპაციო ძალების მიერ მოწყობილი საგუშაგოების საკითხი განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ მონაწილეები ცხინვალიდან „კონსტრუქციული დიალოგისთვის“ მზად კვლავ ვერ აღმოჩნდნენ.
მისივე თქმით, მონაწილეებმა საქართველოდან იმ „უკანონო ქმედებების“ შეწყვეტა მოითხოვეს, რომლებიც ადგილზე დაძაბულობას იწვევს, ხოლო ცხინვალმა ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმება მოითხოვა, რაც, ანთაძის თქმით, „მიუღებელია“.
ანთაძემ კვლავ აღნიშნა, რომ ჩორჩანას საგუშაგო ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული და რომ საკითხზე დისკუსიები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომავალ რაუნდზე გაგრძელდება.
ცხინვალის წარმომადგენლებმა ქართული საგუშაგოს გაუქმების მოთხოვნით ერგნეთში 29 აგვისტოს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მომდევნო დღეს, სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით, ცხინვალის, მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლებმა ტექნიკური შეხვედრა გამართეს, თუმცა მხარეთა პოზიციები უცვლელი დარჩა.
5 სექტემბერს, ცხინვალის „მესაზღვრეები“ სოფელ წნელისთან, საოკუპაციო ხაზზე, ზღვის დონიდან 944.8 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტერიტორიაზე ავიდნენ, სადაც „სახელმწიფო საზღვრის“ ნიშანი და მათი დროშა აღმართეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)