გიოტმიოლერი: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოს მიმართ ნატოს ერთგულების ნიშანია
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი 3-4 ოქტომბერს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად საქართველოს სტუმრობს.
დღეს გიოტმიოლერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თავმჯდომარეობით ბათუმში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართა. ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ თავის შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ მათი ვიზიტი „საქართველოს მიმართ ნატოს ერთგულების მკაფიო დადასტურებაა“.
„ეს არის ასევე შესაძლებლობა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხუთი წლისთავი აღვნიშნოთ, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში რეფორმების, ასევე ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოს მზადების მიმართ ჩვენი მხარდაჭერის ქვაკუთხედია“, – განაცხადა მან.
გიოტმიოლერმა საქართველოს ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი უწოდა და აღნიშნა, რომ ალიანსი დიდად აფასებს მის წვლილს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. „შარშან ნატოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ნატო მოუწოდებს რუსეთს „გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან“ და პატივი სცეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ეს ვიზიტი არის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ თანამშრომლობა საქართველოსთან და უზრუნველვყოთ, რომ შავი ზღვა მთელი რეგიონისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ძლიერ წყაროდ დარჩეს“, – დასძინა მან.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ნატოსთან მტკიცე ურთიერთობა საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და მისი უსაფრთხოების საფუძველია“. მისი განმარტებით, სიმბოლურია, რომ შეხვედრა ბათუმში მიმდინარეობს. „ჩვენ ყველას გვესმის, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი შავი ზღვის სივრცეში გაძლიერდა და ამიტომ „ნატოს წარმომადგენლობა შავ ზღვაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“. გახარიამ ასევე განაცხადა, რომ 2002 წელს საქართველომ ნატოს წევრობის თხოვნით მიმართა და მას შემდგომ ქვეყანამ ბევრი განსაცდელი გამოიარა, თუმცა „ძალიან სერიოზული წინსვლაც აჩვენა“.
გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც ნატო წელს 70 წლისთავს აღნიშნავს, მან „ღია კარის პოლიტიკა“ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს. „ღია კარის პოლიტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წლების განმავლობაში, რომ თავად არის უსაფრთხოების გარანტი ბევრ რეგიონში და, რა თქმა უნდა, შესძენს იმედს ისეთ მცირე ერებს, როგორიც არის საქართველო“, – განაცხადა მან.
დღესვე, გიოტმიოლერმა და გახარიამ ცალკე შეხვედრა და შემდეგ პრესკონფერენციაც გამართეს. პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ თქვა, რომ მოკავშირეები მიესალმებიან „რეფორმების კუთხით საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს“. „თქვენ გააძლიერეთ თავდაცვის ინსტიტუტები, მოახდინეთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და აჩვენეთ მკაფიო პროგრესი თავდაცვის ხარჯების კუთხით“, – დასძინა მანვე.
გიოტმიოლერმა მოუწოდა საქართველოს, რომ „გააგრძელოს ამ გზაზე სიარული და თავდაცვის სფეროს მიღმა რეფორმები გაატაროს“. მანვე კანონის უზენაესობისა და სასამართლოს სისტემის რეფორმის იმპლემენტაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
ნატო-საქართველოს კომისიის განცხადება
დღევანდელი შეხვედრის შემდე, ნატო-საქართველოს კომისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „მოკავშირეები მიესალმებიან საქართველოს მიერ ბოლო ათწლეულში დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის საჭირო რეფორმების გატარების კუთხით მიღწეულ მდგრად პროგრესს, ძლიერ ეკონომიკურ განვითარებას, უფრო ეფექტიანი თავდაცვითი ინსტიტუტების შექმნას და თავდაცვითი ძალების მოდერნიზებას“.
„ნატო და საქართველო მზად არიან, რომ გაამყარონ თანამშრომლობა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატების გათვალისწინებით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ალიანსმა და საქართველომ მომავალი წლისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უნდა განაახლონ და გააუმჯობესონ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)