ქართული ოცნების დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს
საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს. დღეს გავრცელებულ განცხადებაში, ზარდიაშვილმა განმარტა, რომ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ წარმოებული „სამწლიანი ბინძური, ნეგატიური კამპანიის“ გამო მიიღო.
„დგება მომენტი, როდესაც ვალდებული ხარ გაუფრთხილდე საკუთარ ოჯახს და შენს გუნდს“, – აღნიშნა ზარდიაშვილმა და დასძინა, რომ არ სურს იყოს „პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას და პოზიტიური პროცესების დაზიანებას“ მასზე შეტევით ცდილობენ.
ზარდიაშვილის პოლიტიკური საქმიანობა ხშირად იწვევდა კრიტიკას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ზარდიაშვილს მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დაახლოებულ ფიგურად მიიჩნევდნენ და სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის დამყარებაში მმართველი პარტიის ხელშეწყობაში ადანაშაულებდნენ.
ზარდიაშვილის დღევანდელ განცხადებას, დაახლოებით ორი კვირით ადრე, წინ უძღოდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს, მასსა და დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას შორის მომხდარი ხმაურიანი ინციდენტი, რა დროსაც ბესელიამ, ზარდიაშვილის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებული რეპლიკის პასუხად, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტი დამოუკიდებელი დეპუტატის და ეკა ბესელიას პოლიტიკური პარტნიორის გედევან ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რა დროსაც მან ზარდიაშვილის „მორალურ ხედვებს“ გაუსვა ხაზი. საპასუხოდ, ზარდიაშვილმა ყურადღება „ბესელიას მორალზე“ გაამახვილა, რამაც ბესელიას მწვავე რეაქცია გამოიწვია.
2018 წლის 27 დეკემბერს ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა. თანამდებობის დატოვების მიზეზი მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციან სიასთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.
აღნიშნულის გამო, თანამდებობა მაშინ ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო და რომელსაც მოსამართლეთა 10-კაციანი სიის ლობირებაში ადანაშაულებდნენ.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ ზარდიაშვილის განცხადებას ჯერ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს, შემდეგ კი, საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა და კენჭისყრით გადაწყდება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)