თბილისის საკრებულოს ოცნების დეპუტატს თანამშრომელი ძალადობაში ადანაშაულებს
ქალაქ თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს მისივე ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
სავარაუდო ძალადობის შესახებ თამთა თოდაძემ პირველად ტელეკომპანია „მთავარ არხს“ 4 ოქტომბერს ესაუბრა, სადაც განმარტა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, საკუთარ ბიუროში მისულმა დეპუტატმა მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, უარის მიღების შემდეგ კი, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამასთან მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიც დაამტვრია.
სავარაუდო დაზარალებულის დედა ხათუნა ოქროპირიძე ასევე მთავარ არხთან საუბარში ყვება, რომ მისი შვილი სახლში „ისტერიკულ“ მდგომარეობაში მივიდა, პატრული გამოიძახა და მათ მომხდარის შესახებ უამბო. მისივე ინფორმაციით, მისი შვილი სამართალდამცველებს სთხოვდა, რომ ისინი ინციდენტის ადგილას გაჰყოლოდნენ და დაეთვალიერებინათ, თუმცა „გამოძიებამ საჭიროდ არ ჩათვალა“ და იქ მხოლოდ „ღამის ორიდან სამ საათამდე“ მივიდნენ.
სავარაუდო დაზარალებულის დედა ასევე განმარტავს, რომ მისმა მეზობელმა, რომელიც მისივე ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს დეპუტატის მეგობარია, მას მომხდარის არგახმაურების სანაცვლოდ, მოლაპარაკებაც შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.
მთავარი არხის ინფორმაციით, შსს-ში გამოძიება სამი მუხლით – სექსუალური ძალადობის, ფიზიკური დაზიანებისა და ნივთის დაზიანების შესახებ მიმდინარეობს და გამოძიების ფარგლებში, მოწმის სტატუსით ბრალდების ადრესატიც გამოიკითხა.
გენერალურ პროკურატურას საკრებულოს დეპუტატისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუეყენებია. დაზარალებულის სტატუსი ჯერ არც სავარაუდო ძალადობის მსხვერპლს აქვს მინიჭებული.
მედიასთან ამ დრომდე არც თავად ილია ჯიშკარიანი გამოჩენილა. მან „მთავარ არხს“ მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უპასუხა და განუმარტა, რომ მას „სიბინძურეზე პასუხის გაცემა არ სურს“ და საკითხს სამართლებრივი გზით გაარკვევს. ჯიშკარიანის ოჯახის ინფორმაციაზე დაყრდნობით, „მთავარი არხი“ ასევე ამბობს, რომ იგი გულის მძიმე შეტევით რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
დღეს ორგანიზაცია „საფარში“, რომელიც თამთა თოდაძის უფლებებს იცავს, სავარაუდო დაზარალებულმა, მისმა ადვოკატმა და ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც ბაია პატარაიამ განმარტა, რომ „სისტემა არ მუშაობს“ და „პროკურატურა საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებს“.
„ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეს საქმე რაღაცნაირად ჩაიფარცხოს. ჩვენ არ დავტოვებთ კომფორტის ზონაში თადუმაძის უწყებას და გარედან გავაგონებთ ძალიან ბევრი ქალის ძალიან ხმამაღალ ხმას. ჩვენ არ შევეგუებით გამოუძიებლობას. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს“, – აღნიშნა მან.
მედიასთან თავად სავარაუდო დაზარალებულმა თამთა თოდაძემაც ისაუბრა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ იგი ბრძოლისთვის მზად არის და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად მყარი არგუმენტები და მტკიცებულებები აქვს. ამასთან, იგი გამოძიების კანონის სრული დაცვით წარმართვასა და მართლმსაჯულების აღსრულებას ითხოვს.
დღესვე, საღამოს შვიდ საათზე, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით, გენერალური პროკურატურის შენობასთან, საქმეზე სამართლიანი გამოძიებისა წარმართვისა და დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის ბრალის წაყენების მოთხოვნით, აქციაც გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)