ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდი
8-9 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 49–ე რაუნდი.
თბილისის პოზიცია
ჟენევის დისკუსიების 49-ე რაუნდის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა „საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე“.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მონაწილეებმა თბილისიდან ხაზი გაუსვეს ადგილზე ვითარების დეესკალაციის „მნიშვნელობას“ „გამწვავებული ვითარების ფონზე“. მათ ასევე აღნიშნეს „რუსეთის მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების უპირობო შეწყვეტისა და მოლაპარაკებების არსებულ ფორმატებში დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა“.
„ქართველმა მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგები უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით. მათ ყურადღება გაამახვილეს ადგილზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ადგილზე დესტაბილიზაციის გამომწვევ ფაქტორებს შორის მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივების გატაცების და თვითნებური დაკავებების პროცესის გაგრძელება დასახელდა.
საგარეო უწყების თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას“.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი გალისა და ახალგორის რაიონების მაცხოვრებლების „ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება“, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის „მძიმე შედეგებიც“ იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან დევნილთა საკითხის განხილვისას, „კვლავ გამოიჩინეს უპასუხისმგებლო მიდგომა და დატოვეს მოლაპარაკებები“.
საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დასვეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე „მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის“ საკითხი. ასევე, განხილულ იქნა აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საკითხი. მათ ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „სრულად და უპირობოდ შესრულების, კერძოდ, შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა“.
რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის პოზიციები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს, მხარეებმა განიხილეს ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში „დაძაბულობის ესკალაცია“, რაც აგვისტოს ბოლოს საქართველოს საპოლიციო საგუშაგოს აშენების თაობაზე „თბილისის გადაწყვეტილებით იყო პროვოცირებული“. „ამან აიძულა ცხინვალი, რომ საპასუხო ზომები მიეღო, მათ შორის, საგუშაგო აეშენებინა და დროებით დაეხურა საზღვარი საქართველოსთან“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
სამინისტროს თქმით, ყურადღება გამახვილდა „საქართველოს ნატოში შეყვანის უწყვეტ ძალისხმევაზე, ამ ქვეყნის შემდგომ მილიტარიზაციაზე, მის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო წვრთნების რეგულარ ჩატარებაზე“. „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად, ამ პროცესებს რეგიონული უსაფრთხოებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად განვიხილავთ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
უწყებისავე განმარტებით, შეხვედრის ყველა მონაწილის მიერ, საქართველოს გარდა, „საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე არსებული ვითარება შეფასდა როგორც ზოგადად სტაბილური“. „49-ე რაუნდის ყველა მონაწილემ ერთხმად დაუჭირეს მხარი არსებული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას, მათ შორის, საზღვრის გადაკვეთის გამარტივებულ რეჟიმს, ხალხთა შორის კონტაქტების გამარტივებასა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძებნას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსულ დელეგაციას 49-ე რაუნდზე საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილე ანდრეი რუდენკო ხელმძღვანელობდა.
სოხუმმა და ცხინვალმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსი განცხადებები გააკეთეს და „სიტუაციის გაუარესებაზე და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მოსალოდნელ შემდგომ ესკალაციაზე“ სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ოფიციალურ პირებს დააკისრეს.
აშშ-ის პოზიცია
აშშ-ის მისიამ ჟენევაში პრესისთვის განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის დელეგაციამ „შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლზე დაძაბულობის ესკალაციის გამო“.
აშშ მოუწოდებს მხარეებს, რომ სრულად გამოიყენონ ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი ყველა საჭირბოროტო საკითხის განხილვის მიზნით. ამასთან, „კიდევ ერთხელ მოუწოდებს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისკენ“.
მიესალმა რა აფხაზეთთან ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლზე, ენგურის ხიდზე გამშვები პუნქტის გახსნას, აშშ-ის დელეგაციამ „პასუხისმგებელ პირებს“ მოუწოდა, რომ ცხინვალთან ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტებიც რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას, რაც ადგილობრივების თავისუფალ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას 26 სექტემბერს და იმედი გამოთქვა, რომ განახლებული დიალოგი დაეხმარება მათ, რომ ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხებზე პროგრესს მიაღწიონ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს დეფაქტო ხელისუფლებებს, რომ „საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრულ წვდომას შეუწყონ ხელი“.
აშშ-ის დელეგაციამ მოუწოდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცვლა საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის.
აშშ-ის დელეგაციამ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის გარდაცვალების გარემოებების შესახებ ინფორმაციის გაცვლისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა უგზოუკვლოდ დაკარგულთა საქმეებში გამოძიებისთვის ყველა მონაწილის დახმარების საჭიროებას.
განცხადებაში აშშ-მა კიდევ ერთხელ გამოხატა „სრული მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების შეფასებები
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა კომუნიკე გაავრცელეს, რომლის თანახმადაც სამუშაო ჯგუფში, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს, მონაწილეებმა ადგილზე არსებული ვითარება, კერძოდ კი – 2019 წლის აგვისტოში ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
ამ კონტექსტში, თანათავმჯდომარეები „მიესალმნენ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განხორციელებულ ძალისხმევას, რომელიც დაძაბულობის განმუხტვისკენაა მიმართული“. ისინი ასევე მიესალმნენ მონაწილეების მზადყოფნას დეესკალაციისთვის და შესაბამის აქტორებს მოუწოდეს, რომ განაგრძონ დიალოგი ურთიერთმისაღები გამოსავლის მოსაძებნად.
ამას გარდა, თანათავმჯდომარეებმა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის „დაყოვნების გარეშე“ აღდგენის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი. „მიესალმნენ რა 2019 წლის ივნისში აფხაზეთის ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლზე ცოტა ხნის წინ შეზღუდვების მოხსნას, თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლზე არსებული ყველა სასაზღვრო პუნქტის გახსნის საჭიროებას“, – ნათქვამია კომუნიკეში.
რაც შეეხება მეორე სამუშაო ჯგუფს, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს, „თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს ამგვარი შეზღუდვების ზემოქმედებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და ცხოვრებაზე“.
„კიდევ ერთხელ შეუძლებელი გახდა დევნილთა საკითხზე დისკუსიების დასრულება, რადგანაც ზოგიერთმა მონაწილემ ჯგუფის შეხვედრა დატოვა. თანათავმჯდომარეები სინანულს გამოთქვამენ ამის გამო და მონაწილეებს დღის წესრიგის ყველა საკითხში კონსტრუქციული ჩართვისკენ მოუწოდებენ“, – ნათქვამია კომუნიკეში.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 2019 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება.
ასევე ნახეთ:
- 07/10/2019 – გიორგი გახარიამ და ერიკ ჰოგმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს;
- 02/10/2019 – სოხუმმა გამშვებ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა;
- 02/10/2019 – სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა;
- 26/09/2019 – დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ;
- 19/09/2019 – ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრები გამართეს;
- 17/09/2019 – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას განმარტავს;
- 15/09/2019 – ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალის ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ;
- 13/09/2019 – ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოებთან დაკავშირებით მორიგი „ტექნიკური შეხვედრა“ გაიმართა;
- 05/09/2019 – ცხინვალმა ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე „სასაზღვრო ნიშნები“ და დროშა აღმართა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)