მთავრობა ოლივერ უორდროპს სთხოვს ინგლისმა აჭარაში რუს მოხელეთა თავგასულობა ალაგმოს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 14 ოქტომბერი, N231

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნოტა ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს ამიერ-კავკასიაში ოლივერ უორდროპს

ტფილისი, 13 ოქტომბერი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანიის უმაღლეს კომისარს ამიერ-კავკასიაში ოლ. უორდროპს შემდეგი ნოტა გაუგზავნა:

„თქვენო აღმატებულებავ!

საქართველოს რკინის გზების მიდამოების გენერალ-გუბერნატორი ოქტომბრის 9-ის რაპორტით შემდეგ გვაუწყებს: ოქტომბრის 8-ს ქობულეთის სადგურზე მატარებელ N-45თან გამოცხადდა კინტრიშის ნაწილის უფროსი პოლკოვნიკი კუვიაზევი, ეროვნებით რუსი, და ბილეთის კასაში წარადგინა დონის ოლქის 25 მანათიანი ფულის ნიშანი. მოლარემ ქალბატონმა კობახიძემ და სადგურის უფროსმა ცინცაბაძემ განუცხადეს, რომ არ შეუძლია ამ ფულის მიღება, რადგან მას მსვლელობა არ აქვს საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში.

ამ განმარტებამ, ალბად, არ დააკმაყოფილა კუვიაზევი, რომელმაც კასას თავის შეიარაღებული ჩაფრები შემოარტყა, უბრძანა დაეპატიმრებინათ მოლარე ქალი და სადგურის უფროსი და სიტყვიერად შეურაცჰყო როგორც ისინი, ისე ზოგიერთი სხვა მოსამსახურეც. სადგურის უფროსმა დაინახა რომ ძალას ხმარობდენ და თავის დაცვა არ შეეძლო, იძულებული გახდა ძალას დამორჩილებოდა  და პოლკოვნიკის მიერ წარდგენილი ფული მიიღო.

ამასთანავე გენერალ-გუბერნატორი სულაქველიძე იუწყება, რომ ბათუმის ადმინისტრაციის რუსი-მოხალისეების მხრით ამის მაგვარი გამოსვლები თუ განმეორდება რკინის გზის მოსამსახურენი იძულებული იქნებიან სამსახური დასტოვონ იმის შიშით, რომ მოყვანილი შემთხვევის მაგვარ ძალადობის მსხვერპლნი გახდებიან მომავალშიაც.

ვაუწყებ რა ამას თქვენ აღმატებულებას ჩემი N60-70 ნოტის დასამატებლად, ჩემი მთავრობის დავალებით, გთხოვთ სათანადო განკარგულება გასცეთ, რათა ერთჯერ და უკანასკნელად ბოლო მოეღოს ასეთ გამოსვლებს ბათუმის ადმინისტრაციის რუს-მოსამსახურეების მხრით.

მიიღეთ რწმუნება და სხ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი“.