საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ლონდონის რეზოლუციებში
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიამ ლონდონში 14 ოქტომბერს ექვსი რეზოლუცია მიიღო, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოუწოდებს ალიანსის ლიდერებს, რომ საქართველოს მიმართ ნატოს ღია კარის პოლიტიკა დაადასტურონ.
ერთ-ერთი რეზოლუცია, რომელიც ნატოს დამფუძნებელი პრინციპების და ღირებულებების მიმართ ერთგულებას ადასტურებს, გმობს რუსეთის ფედერაციის „აგრესიას უკრაინის და საქართველოს მიმართ“. ის ასევე მოუწოდებს ნატოს წევრ მთავრობებს და პარლამენტებს, რომ უფრო აქტიური მიდგომა აირჩიონ ევროატლანტიკურ თანამეგობრობასა და მის ფარგლებს მიღმა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისა და დაცვისთვის.
კერძოდ, დოკუმენტი მოუწოდებს მათ, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურონ ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება იმისათვის, რომ გავრცელდეს სტაბილურობის ზონა და დემოკრატიული სტანდარტები ევროპაში, ასევე მოხდეს ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოს და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა და საგარეო ჩარევის წინააღმდეგ მათი მედეგობის გაძლიერება.
კიდევ ერთი რეზოლუცია, რომელიც პოლიტიკურმა კომიტეტმა წარადგინა, მოუწოდებს ნატოს წევრ მთავრობებს და პარლამენტებს, რომ „განაგრძონ აღმოსავლეთში პარტნიორების – კერძოდ, უკრაინის და საქართველოს – მხარდაჭერა რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ, ასევე გაზარდონ მხარდაჭერა მათი რეფორმების პროცესის მიმართ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ისწრაფვიან (ამჟამად, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და უკრაინა)“.
ოფიციალური განცხადებები
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდა, გუშინდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს და უკრაინის „უკანონო ოკუპაცია“ დაგმო. „ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენ ცალსახად ვუცხადებთ მათ ჩვენ მხარდაჭერას და სოლიდარობას“, – განაცხადა მუნმა. მისი თქმით, მისი ვიზიტი თბილისში დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ერთგულების ნიშანი იყო. მუნის თქმით, ვიზიტის მიზანი ასევე იყო ადგილზე გაცნობოდა ვითარებას, თუ როგორ უმკლავდება საქართველო „პირდაპირ რუსულ აგრესიას“.
„ზუსტად ორი კვირის წინ, მე ვესტუმრე რუსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარს, რომელიც ამჟამად სამხრეთ ოსეთის გარშემო გადის… რუსეთს სურს, რომ ეს ზოლი საზღვარი გახდეს და საქართველოს უკანონო დაყოფას ახორციელებს. შედეგად, რუსეთი პერიოდულად საზღვარს წევს. ის არანაირ ყურადღებას არ აქცევს იმ ადამიანების ცხოვრებს, რომელთა ოჯახებიც და ქონებაც იყოფა“, – განაცხადა მუნმა.
გუშინდელ სხდომაზე ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც გამოვიდა სიტყვით. სლოვენიის დელეგაციის კითხვის საპასუხოდ „როდის გახდება საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი?“ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ნატოს სრულუფლებიანი წევრობის გარეშეც ჩვენ საქართველოსთან ძალიან ძლიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს“.
„საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ ჩვენ ამ პროცესის ვადები არ გაგვიწერია. მხარს ვუჭერთ ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის თვალსაზრისით საქართველოს მოდერნიზაციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით გაწეულ ძალისხმევას. ეს სწორედ ის საკითხებია, რაზეც ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)