საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდენენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც 15 ოქტომბერს სომხეთს სტუმრობს, თავის კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა გახარიამ საქართველოს და სომხეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკონომიკა „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილებაა“ ორმხრივ ურთიერთობებში. „აქ ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, ჩვენს შორის ვაჭრობა ვითარდება“, – აღნიშნა მან.
გახარიას თქმით, შეხვედრაზე ლიდერებმა ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს და „კულტურული განზომილებაც“ განიხილეს.
„ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ კულტურულ მემკვიდრეობას ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ მათ რეგიონული საკითხებიც განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ „სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი“.
თავის მხრივ, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა რეგიონული მშვიდობის და უსაფრთხოების ატმოსფეროს შექმნა. „ამ კუთხით, დარწმუნებული ვართ, სომხურ-ქართული ურთიერთობები უნდა განვითარდეს, გარე ფაქტორების ხელშეშლის გარეშე“, – აღნიშნა მან.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ქართველი კოლეგის ვიზიტი ერევანში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ერევანში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს.
სომხეთში ვიზიტამდე გახარია 9 ოქტომბერს აზერბაიჯანს სტუმრობდა. ოქტომბრის ბოლოს იგი თურქეთში ჩავა.
ასევე წაიკითხეთ:
- –
- –
- –
- –
- –
- –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)