პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე, 6 წლის ვადით, ამ უწყების უფროსის მოვალეობის შემსულებელი, გრიგოლ ლილუაშვილი აირჩია. მას მხარი 85 დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი – წინააღმდეგი იყო.

გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2017 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე იგი 2016 წლის მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

2002-2016 წლებში, მას ქართული ოცნების მოქმედ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში – ფონდი ატუ“,  შპს ბურჯი,  შპს ქართუ მშენებელი, სს ქართუ ჯგუფი, სს ქართუ ბანკი“ – ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას დეპუტატებმა ზეპირი განხილვის გარეშე უყარეს კენჭი. ლილუაშვილის კანდიდატურის ირგვლივ დებატების გაუქმების ინიციატივით ქართული ოცნების წევრი, თავდაცვისა და უშიშორების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოვიდა, რასაც ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ განცხადა, რომ მმართველი გუნდი გრიგოლ ლილუაშვილს „სასათბურე პირობებს“ უქმნიდა და მას ოპოზიციის მწავავე კითხვებს არიდებს.

გრიგოლ ლილუაშვილისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიორგი კანდელაკმაც ითხოვა, თუმცა ირაკლი სესიაშვილმა მას განუმარტა, რომ ოპოზიციას ამის შესაძლებლობა 16 ოქტომბერს საკომიტეტო მოსმენის დროს უკვე ჰქონდა.

ლილუაშვილი საკომიტეტო მოსმენაზე

16 ოქტომბერს გრიგოლ ლილუაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს უწყების მომავალი საქმიანობის შესახებ ხედვა წარუდგინა, შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ოპოზიციის მიერ დასმული კითხვები, ძირითადად ისეთ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოსვლა და შემდგომ განვითარებული მოვლენები, ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარებას და ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილისსია.

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ ლილუაშვილის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე მხარს არ დაუჭერდა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „სუს-ი არის ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ძალოვანი ნაწილი, მათი ფინანსური ადმინისტრაციული, ადამიანური თუ ტექნიკური ნაწილი მიმართულია ოპოზიციის მოსმენებზე, ოპოზიციის დევნაზე, შანტაჟზე, ოპოზიციის მომხრეების დაშინებაზე“.

წარმოდგენილი კანდიდატურის მიმართ კრიტიკული იყო ევროპული საქართველოც. „იგი [ლილუაშვილი] ანგარიშვალდებულია რეალურად იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის არჩეული და არც ერთ ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს. ივანიშვილს ვგულისხმობ. ეს თავისთავად მნიშვნელოვანი პრობლემაა“, – თქვა ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა.

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვაკანტურ პოსტზე უწყების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად 7 ოქტომბერს წარუდგინა. სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური 8 სექტემბერს მას შემდეგ გახდა, რაც უწყების ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური შს მინისტრად დაინიშნა.
 

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)