საოკუპაციო ძალებმა სოფელ ატოცში „ბორდერიზაცია“ განაახლეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები „აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს“ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
უწყების ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ახორციელებენ, რაც „მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“.
სუს-ის განცხადებით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზზე, უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყეს და ხელოვნური ბარიერები 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე აღმართეს. შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი ბარიერის მიღმა აღმოჩნდა.
7 აგვისტოდან, რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავზე, საოკუპაციო ძალებმა ხელოვნური ბარიერების აღმართვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დაიწყეს და რამდენიმე სახლი, ხეხილის ბაღები და სარწყავი სისტემა ბარიერს მიღმა მოაქციეს, რასაც თბილისისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
აგვისტოს მეორე ნახევარში, საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წნელისის მიმდებარედ საპოლიციო საგუშაგო მოაწყო. ცხინვალმა პროტესტის ნიშნად, 29 აგვისტოს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დატოვა და ქართული საგუშაგოს მოხსნა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა თავიანთი საგუშაგო სოფელ წნელისში მოაწყვეს, შემდეგ კი, დამატებითი საგუშაგოების მოწყობა და უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩორჩანასა და წაღვლის მახლობლად – განაგრძეს.
ცხინვალის, მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლები სადავო საგუშაგოებთან დაკავშირებით ტექნიკურ შეხვედრებს მართავენ, თუმცა ამ დრომდე მხარეთა პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა.
ასევე წაიკითხეთ:
- –
- –
- –
- –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)