ამერიკული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78), რომელიც მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია, 22 ოქტომბერს ბათუმის პორტს სტუმრობს.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, „ვიზიტი ემსახურება აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით“.
ამავე ინფორმაციით, საპორტო ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები „მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან“.
USS Porter-ის მეთაურმა, კაპიტანმა ქრეგ ტრენტმა, რომელსაც 39 ოფიცერი და 282 კაციანი პერსონალი ახლავს თან, განაცხადა, რომ ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის სიმბოლოა და რომ სამხედრო ხომალდი ბათუმში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება.
ეს ხომალდის USS Porter მეორე ვიზიტია საქართველოში. აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)