აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი მიიღო
22 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი მიიღო, „საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის და სხვა მიზნით“.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 2019 წლის იანვარში დემოკრატი კონგრესმენის, ჯერალდ კონოლის და რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს ორი პარტიიდან 30 დეპუტატი უჭერს მხარს.
„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ქვეყნის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას განსაზღვრავს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, სხვა საკითხებთან ერთად, მხარს უჭერს „საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას, მათ შორისაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა“.
აქტი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას, ასევე „საქართველოს მოსახლეობის უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი გააკეთონ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, მათ შორის სხვა ერებთან და სხვა ორგანიზაციებთან ქვეყნის ურთიერთობის თვალსაზრისით, სხვა ქვეყნების მიერ ჩარევის, დაშინების და იძულების გარეშე“.
დოკუმენტი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს „რუსეთის ფედერაციის მიერ ძალადობრივად ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე დაკავებებს, გატაცებებს და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკველობებს.“
„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს, ასევე რუსეთისგან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას ითხოვს და მხარს უჭერს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბებას, ასევე „დევნილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას“. დოკუმენტის თანახმად, ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია ადგილზე გრძელვადიანი მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დახმარების შესახებ დებულებებში ორპარტიული აქტი აშშ-საქართველოს ურთიერთობებს მიმოიხილავს, მათ შორის უსაფრთხოების და კიბერუსაფრთხოების სფეროებში.
კერძოდ, აქტი მიმართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და სხვა შესაბამის ორგანოებს, რომ წარმომადგენელთა პალატას და სენატს წარუდგინონ ანგარიში აშშ-ის მიერ უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ, რაც სხვა საკითხებთან ერთად ასევე მოიცავს საკუთარი თავდაცვის თაობაზე საქართველოს შესაძლებლობების შეფასებას, მათ შორის ხუთწლიან სტრატეგიას საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
აშშ-ის პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ პრესის თავისუფლების ხელშეწყობასთან ერთად, გაძლიერდეს საქართველოს შესაძლებლობები, რომ გაუმკლავდეს რუსულ დეზინფორმაციას და პროპაგანდას, რომლის მიზანიც „საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაა“.
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა უნდა გაააქტიუროს მოლაპარაკებები საქართველოსთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ასამოქმედებლად.
სანქციების შესახებ დებულებაში, „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ითვალისწინებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი აქტის ამოქმედების დღიდან, სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, სანქციებს დააკისრებს იმ პირებს, რომელთაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებში ედებათ ბრალი.
საქართველოს პასუხი
საქართველოს ოფიციალური პირები მიესალმნენ ორპარტიული აქტის მიღებას. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაწერა საკუთარ Twitter-ზე, რომ აქტი წარმოადგენს საქართველოსთან დაკავშირებულ პირველ დამოუკიდებელ კანონმდებლობას, რომელსაც „ჩვენი პარტნიორობა ახალ დონეზე აყავს“.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი „მნიშვნელოვნად აძლიერებს აშშ-ს და საქართველოს შორის ურთიერთობებს თავდაცვის, ეკონომიკის და კიბერუსაფრთხოების სფეროებში. „აშშ-სთან უფრო ახლო თანამშრომლობა დაგვეხმარება საქართველოში მეტი სამუშაო ადგილების შექმნაში, ძლიერი საშუალო კლასის ჩამოყალიბებასა და მდგრადი უსაფრთხოების შენარჩუნებაში“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ასევე დაწერა Twitter-ზე, რომ აქტის მიღებით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მკაფიო მხარდაჭერა გამოთქვა სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართ. „მზად ვართ, ვიმუშავოთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რათა აშშ-საქართველოს ურთიერთობები ყველა სფეროში უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ“, – წერს ზალკალიანი.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, აქტის მიღება იმის შეხსენებაა, რომ „აშშ საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და ყველაზე სანდო პარტნიორია“.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/07/2019 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს სტუმრობდა
- ამერიკელი კონგრესმენები პარლამენტში შეხვედრებს მართავენ –
- –
- –
- –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)