„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა მოითხოვეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელებმა, ძმებმა – ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა, რომლებიც არხის მესაკუთრეები 2012-2019 წლებში იყვნენ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით ამავე სასამართლოს დიდ პალატას მიმართეს.
სტრასრბუგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე დღეს აღასრულა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყარამანიშვილებს ჩამოერთვა და საკუთრებაში ქიბარ ხალვაშს გადაეცა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ 24 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, უწყებისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ საქმის გადასინჯვის შესახებ მომჩივანის მოთხოვნას, წესის მიხედვით, ხუთი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. უწყებისვე განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ გაირკვევა ცნობს თუ არა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა მომჩივანის მოთხოვნას დასაშვებად.
იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოსგან რაიმე ტიპის დამატებითი არგუმენტაციის ან შესაგებლის წარდგენის საჭიროება არ არის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)