ევროკავშირის დამკვირვებლები ჩორჩანა-წნელისთან მცირე ხნით დააკავეს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს მისიის დამკვირვებლები, როცა ისინი ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებას აწარმოებდნენ“.
მისიამ ასევე აღნიშნა, რომ მომხდარის შემდეგ, ცხინვალის მხრიდან ცხელი ხაზის მექანიზმი იქნა ამოქმედებული.
„მისია კვლავაც იკვლევს დეტალებს ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მითითებულ რაიონში არსებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ტრადიციული აღქმის მიხედვით“, – ნათქვამია EUMM-ის განცხადებაში.
EUMM-მა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, „მისიამ მნიშვნელოვნად გააძლიერა პატრულირება“ აღნიშნულ ტერიტორიაზე „სტაბილურობის მხარდაჭერის მიზნით“.
დღესვე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა ტვიტერზე დაწერა, რომ „ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საბოლოოდ დაუჭირეს მხარი EUMM-ის დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდას“.
„გაძლიერება მისცემს საშუალებას EUMM-ს, გაზარდოს მონიტორინგი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, მათ შორის, ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ 24/7 რეჟიმში ვართ წარმოდგენილნი“, – დასძინა ჰოგმა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „ღრმად არის შეშფოთებული“ იმ შემთხვევების გამო, რომელთა დროსაც უსაფრთხოების აქტორები ხელს უშლიან დამკვირვებლებს „მათი მანდატის შესაბამისად, ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში“.
მისიის განცხადებით, ბოლო შემთხვევა იქნება განხილული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელიც 25 ოქტომბერს ერგნეთში გაიმართება.
აგვისტოს მეორე ნახევარში, საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წნელისის მიმდებარედ საპოლიციო საგუშაგო მოაწყო. ცხინვალმა პროტესტის ნიშნად, 29 აგვისტოს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დატოვა და ქართული საგუშაგოს მოხსნა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა თავიანთი საგუშაგო სოფელ წნელისში მოაწყვეს, შემდეგ კი, დამატებითი საგუშაგოების მოწყობა და უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩორჩანასა და წაღვლის მახლობლად – განაგრძეს.
ცხინვალის, მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლები სადავო საგუშაგოებთან დაკავშირებით ტექნიკურ შეხვედრებს მართავენ, თუმცა ამ დრომდე მხარეთა პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა.
გარდა ამისა, 4 სექტემბრიდან მოყოლებული, ცხინვალს ჩაკეტილი აქვს სინაგურის (საჩხერის მუნიციპალიტეტი) და ოძისის (ახალგორის მუნიციპალიტეტი) გამშვები პუნქტები, რომელიც ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)