ოპოზიცია აფხაზეთში მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებს

გაზ. საქართველო. 1919 წლის 30 ოქტომბერი, N235

აფხაზეთის საკითხი

ჩვენი მენშევიკური მთავრობა ისევ განაგრძობს ძველს თავის პოლიტიკას აფხაზეთში. განაგრძობს ისეთ პოლიტიკას, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა აფხაზეთს და კიდევ უფრო ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოებრივ იდეას აფხაზეთში. აფხაზეთის თვალში მენშევიკური პოლიტიკა არის სიმბოლო მატყუარობის, უპირობის, სიმბოლო ძარცვა-გლეჯის და ორგანიზაციული მტაცებლობის, სიმბოლო ანარქიისა და სამოქალაქო ომის.

აფხაზეთის მშვიდობიანი მცხოვრებნი, არა ბოლშევიკები და რუსი შოვინისტები, არამედ სრულიად ლოიალური მასსა ასეთმა ჩვენი მენშევიკების არა სახელმწიფოებრივ პოლიტიკამ მრავალჯერ ჩაითრია ისეთს გამოსვლებში, რომელთაც ადგილი არ ექნებოდა, უკეთუ აფხაზეთის მართვა-გამგეობის სათავეში ყოფილიყვნენ არა გამოლაყებული პროპაგანდისტები და წვრილფეხა ავანტურისტები, არამედ გონიერი და საიმედო სახელმწიფო მოღვაწეები.

თითქოს განგებ ვაღიზიანებთ და ვაბოროტებთ აფხაზეთის მცხოვრებთ, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს აფხაზეთში ისეთი პოლიტიკის წარმოებას, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ქართველ-აფხაზთა მრავალსაუკუნოვან წარსულში გაჭედილს მეგობრულს ჯაჭვებს. ჩვენი პოლიტიკა კი ეს ორი წელია აფხაზეთში მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ეს წარსულის ნაანდერძევი მეგობრული განწყობილება და ინტერესთა სოლიდარობა მოვსპოთ და გავანიავოთ.

არ მოიპოვება აფხაზეთში მცხოვრებთა არც ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც კმაყოფილი იყოს ჩვენი მთავრობის პოლიტიკით აფხაზეთის შესახებ.

მხოლოდ ჩვენი და აფხაზეთის საერთო მტერნი, ეს რუსეთის ბატონობის მოტრფიალენი, დენიკინელები სხვა და სხვა სოციალისტურ პარტიების ქურქში გამოხვეულნი გუნდრუკს უკმევენ მენშევიკურ პოლიტიკას, ვინაიდან მათ კარგად უწყიან, რომ ყოველგვარი პოლიტიკა, რომელიც აშორებს საქართველოს აფხაზეთის მცხოვრებთ, სთესს საქართველოს მძულვარებას აფხაზეთში, არის იგივე მათი პოლიტიკა რუსეთის ბატონობის სამსახური. ეს აშკარაა ყველასთვის, ვინც კი აფხაზეთის მდგომარეობას იცნობს. ეს ნათლად დაინახეს თვით ბეცმა ჩვენმა წარმომადგენლებმა აფხაზეთში, როდესაც არა ერთი თავისი მახლობელი თანამშრომელი დაითხოვეს იმისთვის, რომ ისინი აღმოჩნდნენ დენიკინის აგენტები.

მაგრამ ხალხის ხმას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენი მენშევიკების „დემოკრატიულ“ მთავრობისათვის. ის მოურიდებლად განაგრძობს აფხაზეთში იმ პოლიტიკას, რომელიც დაგმო ყველამ, გარდა ფანატიკოს მათ ამხანაგებისა და საქართველოს აშკარა მტრებისა.

როდესაც ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიამ რადიკალურად დააყენა აფხაზეთის საკითხი დამფუძნებელ კრებას და პრესაში, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ჩვენი პოლიტიკა აფხაზეთში ძირიანად გამოიცვლებოდა. შეკითხვა დამფუძნებელ კრებაში მთავრობისა და მენშევიკების ფრაქციის თხოვნით რამდენჯერ გადაიდვა. ჩვენ არ გვაქვს საკმაო ცნობები აფხაზეთიდან და მოგვეცით დრო, რომ ეს ცნობები მოვითხოვოთო. ამავე დროს ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციას წინადადებას აძლევდენ – შეთანხმებით შევიმუშავოთ აფხაზეთში სამოქმედო გეგმა და გამოვნახოთ გზა, რომელიც ჩადენილ შეცდომებს გამოასწორებსო და უკმაყოფილო აფხაზეთს დააკმაყოფილებსო. ამისათვის სპეციალური თათბირიც უნდა გამართულიყო მენშევიკური ფრაქციის წინადადებით. ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ შეიმუშავა ის ღონისძიებანი, რომელიც უნდა მიეღო მთავრობას აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად.

მაგრამ მმართველი პარტია აქაც გადითრია თავის კლანჭებში ჩვეულებრივმა დემაგოგიამ და სექტანტურმა პარტიულმა ჯიუტობამ.

როგორ? ეს ხომ უკან დახევა იქნება ჩვენ რევოლუციონურ პოლიტიკაში, ეს ხომ დაწუნება იქნება ჩვენი წარსული მოღვაწეობისა? და ასეთი ეგოიზმით შეპყრობილი პარტია ვეღარ ჰბედავს გაბედული ნაბიჯების გადადგმას აფხაზეთის საკითხში. წავიდნენ თითქოს მცირე დათმობაზე, რაც საქმეს არ შველიდა. დაითხოვეს ყოვლად შემძლე ტუმარკინი და გამოიწვიეს მთავრობის წარმომადგენელი ისიდორე რამიშვილი.  თითქოს გადაწყვეტილი იყო, აფხაზეთში გაიგზავნებოდა სერიოზული დელეგაცია, რომლის ხელმძღვანელიც იქნებოდა კვირკველია არა მენშევიკურის წრეებიდან. შემდეგ ეს დიდ დათმობად მოეჩვენათ. დაიწყეს კანდიდატის ძებნა თავიანთ წრეში. მაგრამ, თურმე, ესეც მიუღებელი ყოფილა „რევოლუციონური მონაპოვარის“ თვალსაზრისით და ეხლა აფხაზეთს უბრუნებენ ისევ იმავე რამიშვილს, რომელმაც იქ ყოველივე ააფორიაქა და იქიდან იყო გამოწვეული, როგორც ჩანს მხოლოდ იმისთვის, რომ რამდენიმე სიტყვა წარმოეთქვა თბილისის მიტინგებზე.

აფხაზეთის მცხოვრებთა ერთსულოვანი სურვილი, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები, საქართველოს სახელი და პრესტიჟი? – ყოველივე ეს უმნიშვნელო რამ გამოჩნდა ჩვენი მენშევიკებისათვის, როდესაც მათს წინაშე დაისვა მათი გამოლაყებული პოლიტიკის დაწუნება თუ მოწონების საკითხი.

ჩვენმა მთავრობამ დაადასტურა თავისი შემცდარი და დამღუპველი მოღვაწეობა აფხაზეთში. მან ხელი მოაწერა მისის აგენტების მავნე მუშაობას. მაგრამ ქართველი ერი ვერ მიბაძავს მას, და ვერ მოიწონებს ისეთს პოლიტიკას, რომელსაც შეგნებულად თუ შეუგნებლად აფხაზეთის საქართველოს წინააღმდეგ ამხედრება და მისი საქართველოდან გამოთიშვა აქვს დასახული მიზნად. აფხაზეთმა უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი ისე უყურებს აფხაზეთის საკითხს და დღევანდელ მისი მმართველების მოღვაწეობას, როგორც თვით აფხაზეთი.