ცხინვალში ახალგორის მუნიციპალიტეტიდან გადაყვანილი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთიდან, სავარაუდოდ ინსულტის დიაგნოზით, ცხინვალში გადაყვანილი პაციენტი, მარგო მარტიაშვილი, 28 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია ახალგორელმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა გუშინ გაავრცელა.
მარტიაშვილისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა გაჭიანურდა. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ახალგორის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი „რაზდახანის“ გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, პაციენტის თბილისში გადაყვანა ვერ მოხერხდა. ცხინვალიდან გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების მანქანამ კი, მარტიაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას, შორი მანძილის გამო, სამი საათი მოანდომა.
„ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი“, – განაცხადა დღეს საკითხის კომენტირებისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა. „მე დღესაც, როგორც არაერთხელ ამ დღეების განმავლობაში, მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი. ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არის მთლიანად მთელი [ახალგორის] რაიონი და არა მხოლოდ, ცხინვალის მოსახლეობაც, იმიტომ, რომ ახალგორიდან კავშირზე დამოკიდებული არიან არამხოლოდ ახალგორელი ქართველები, არამედ იქ მცხოვრები ოსებიც“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით, ცხინვალის, მოსკოვის და თბილისის წარმომადგენლებმა აგვისტოს ბოლოდან ექვსი ტექნიკური შეხვედრა გამართეს, თუმცა მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ მიაღწიეს.
ასევე წაიკითხეთ:
- ერგნეთში ჩორჩანა-წნელისში განვითარებული მოვლენები განიხილეს –
- საოკუპაციო ძალებმა სოფელ ატოცში „ბორდერიზაცია“ განაახლეს –
- –
- –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)