ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვაზე უარს კიდევ ერთი პოტენციური ინვესტორი ამბობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 29 ოქტომბრის ინფორმაციით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ Conti International-ის გასვლის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, კონსორციუმის მიერ მთავრობისთვის ალტერნატიული ინვესტორის სახით წარდგენილმა კომპანია Meridian Capital-მა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩართვაზე უარი თქვა.
სამინისტროს განმარტებით, კონსორციუმში Conti International-ის ჩამნაცვლებელი ახალი ინვესტორის მოწონების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 29 ოქტომბერი იყო. 28 ოქტომბერს კი, Meridian Capital-ის წარმომადგენელმა მათ წერილობით აცნობა, რომ კომპანიას „მოცემულ ეტაპზე“ ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა არ გააჩნია. უწყებისვე განმარტებით, Meridian Capital-მა საქართველოს მთავრობისგან „მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება მოითხოვა“.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ითვალისწინებს Meridian Capital-ის თხოვნას და გამოთქვამს მზადყოფნას მომავალშიც ხელი შეუწყოს სათანადო გამოცდილების, ფინანსური და საქმიანი რეპუტაციის მქონე ყველა ინვესტორს მიიღოს მონაწილეობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ პოტენციური ინვესტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პროექტში ჩართვაზე უარის შესახებ განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა.
კონსორციუმის განცხადებას Conti International-მა იმავე დღეს ოფიციალური წერილით უპასუხა და განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პრეოქტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს კვლავ გააგრძელებს და კონსორციუმს ისე დატოვებს, რომ პროექტის დასრულებას ზიანი არ მიადგეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/10/2019 – Conti International-ი ანაკლიის განვითარების კონსორციუმში დარჩენას არ ადასტურებს
- 25/10/2019 – Conti International-ი ანაკლიის განვითარების კონსორციუმში რჩება
- 16/10/2019 – მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება არ გაწყვიტა;
- 17/08/2019 – ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტის პროექტიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლას ეხმაურება
- 15/08/2019 – Conti International-ი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ტოვებს
- 06/08/2019 – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ხაზარაძესა და და ჯაფარიძეს უცხოელები შეცვლიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)