ზალკალიანი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს კომენტარი გააკეთა ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის მკვიდრთან, მარგო მარტიაშვილთან დაკავშირებით, რომელიც 28 ოქტომბერს ცხინვალის საავადმყოფოში სავარაუდოდ ინსულტის შედეგად გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც, ცხინვალის ინიციატივით ახალგორის გამშვები პუნქტის დახურვის გამო, თბილისის კლინიკაში მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა.
საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას და განაცხადა, რომ „საქართველო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას აღნიშნული პრობლემის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის“.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჩვენ აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ, რაც გამოხატულია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციაში, მუდმივ კავშირზე ვართ ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. გვქონდა შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, სადაც სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა დისკუსია, რათა მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად იდგეს საქართველო-რუსეთის კონფლიქტი და მისი თანმდევი შედეგების საკითხი“, – განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ ყველა აქტორმა, რომელიც ჩართულია ჟენევის ფორმატში, ამ თემაზე „განსაკუთრებული აქცენტები“ უნდა გააკეთოს.
საერთაშორისო გამოხმაურება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მარტიაშვილის გარდაცვალების თაობაზე გუშინ გავრცელებული განცხადების შემდეგ, მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ „ცხინვალის რეგიონთან დამაკავშირებელი მთავარი გამშვები პუნქტის დახურვა ახალოგორის მოსახლეობის საარსებო წყაროებსა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობაზე აისახება“.
მარტიაშვილის გარდაცვალებას ასევე გამოეხმაურა ტოივო კლაარი, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთ-ერთი თანათავმჯდომარე. მან ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ გამშვები პუნქტების დახურვის გამო, რაც ახლაც გრძელდება. „გულწრფელად ვუსამძიმრებ ქალბატონი მარტიაშვილის ოჯახს. ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ და კვლავ ისჯება“, – წერს კლაარი.
სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით, ცხინვალის, მოსკოვის და თბილისის წარმომადგენლებმა აგვისტოს ბოლოდან ექვსი ტექნიკური შეხვედრა გამართეს, თუმცა მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ მიაღწიეს.
ასევე წაიკითხეთ:
- EUMM ცხინვალში პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს –
- ცხინვალში ახალგორის მუნიციპალიტეტიდან გადაყვანილი პაციენტი გარდაიცვალა –
- ერგნეთში ჩორჩანა-წნელისში განვითარებული მოვლენები განიხილეს –
- საოკუპაციო ძალებმა სოფელ ატოცში „ბორდერიზაცია“ განაახლეს –
- –
- –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)