EUMM: ატოცთან პატრულირება კონკრეტულ ინციდენტს არ უკავშირდება
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) დღეს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 30 ოქტომბრის ადრეულ საათებში ჩატარებული „რეგულარული, დაგეგმილი პატრულირება სოფელ ატოცის სიახლოვეს“ რომელიმე კონკრეტულ ინციდენტს არ უკავშირდება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებას წინ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია უძღოდა, რომლის თანახმადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა და ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და რომ მისიის დამკვირვებლებმა, გუშინ, სოფელ ატოცის მახლობლად დაუგეგმავი პატრულირება განახორციელეს.
„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პატრულირება, მისიის საპატრულო გეგმის შესაბამისად“, – განაცხადა სადამკვირვებლო მისიამ და დასძინა, რომ ის „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს დღისითაც და ღამითაც აკვირდება“.
„მისია ყურადღებით აკვირდება და ანგარიშგებას ახდენს ატოცის მიმდებარედ „ბორდერიზაციის“ დამატებით ნიშნებზე. უკანასკნელი დღეების განმავლობაში მისიამ ახალი ღობეების აღმართვის პროცესი შენიშნა, რაც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლების კუთხით დამატებით წინაღობებს უქმნის “, – ეწერა განცხადებაში.
სადამკვირვებლო მისიამ ასევე აღნიშნა, რომ მას „ბოლო ხანებში არ მნიშვნელოვანი ცვლილებები სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების ადგილზე ყოფნის ან პატრულირების კუთხით არ შეუნიშნავს“. სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზის ამ მონაკვეთზე უსაფრთხოებით კუთხით არსებულ სიტუაციას „შედარებით სტაბილურს უწოდებს“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)