ევგენი გეგეჭკორის ინტერვიუ რესპუბლიკის საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ
გაზ. საქართველო, 1919 წლის 4 ნოემბერი, N239
გაზ. „პონედელნიკი“-ს თანამშრომელს ბ. კამსკის ხანგრძლივი საუბარი ჰქონია საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ევგენი გეგეჭკორთან; რომელსაც სხვათა შორის უთქვამს:
საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა
- როგორია საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა?
- საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა ისეთივე გაურკვეველ პირობებშია, როგორც ყველა დანარჩენი ახალი რესპუბლიკებისა. დღეს ჩვენი მეცადინეობა იმაშია, რომ როგორმე გნვამტკიცოთ ევროპასთან დამოკიდებულება, რომლის წარმომადგენელნიც ჩვენში იმყოფებიან.
ჩვენი დელეგაციის მუშაობა პარიზში
- ამავე გაურკვეველ პირობებში უხდება მუშაობა ჩვენს დელეგაციას პარიზში. დელეგაციის მთავარი ყურადღება დღეს იქით არის მიქცეული, რომ როგორმე განამტკიცოს ეკონომიური დამოკიდებულება ჩვენი რესპუბლიკისა საფრანგეთთან. უნდა ავღნიშნო, რომ ამ შემთხვევაში საფრანგეთი დიდი ინტერესით ეკიდება საერთოდ ამიერ-კავკასიასა და კერძოდ საქართველოს. შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენი დელეგაცია მარტო ეკონომიურ მოტივებით შემოიფარგლავდა თავის მოქმედებას. დელეგაციამ უთუოდ უნდა ისარგებლოს ყოველნაირ ხელსაყრელ პოლიტიკური მომენტით საქართველოს სასარგებლოდ და მიაწოდოს უცხოეთს სწორი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ: ჯერ-ჯერობით ჩვენი დელეგაციის მუშაობა ლაბირინტშია.
ინგლისური კარის დაბრუნების შესახებ
- მართალია თუ არა ხმები აზერბაიჯანსა და საქართველოში ინგლისელთა ახალი ძალების ჩამოსვლის შესახებ?
- ამის შესახებ ჩვენ არავითარი ცნობა არ გვაქვს
- როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ასეთი ხმები?
- მე მგონია ეს ხმები გამოიწვია ბათუმის ახალ საოკუპაციო ინგლისელ მოხალისეთა ძალების ჩამოსვლამ, ძველის შესაცვლელად. ვიდრე ბრიტანეთის მთავრობიდან არ მოგვივა ოფიციალი ცნობა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა შუამდგომლობისა ინგლისელ ჯარების გამოგზავნის შესახებ, მათ ჩამოსვლაზე ლაპარაკი ნაადრევია.
ხმები მანდატის შესახებ
- ევროპიულ გაზეთებში ცნობა იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის მანდატს ინგლისს ჩააბარებენო, ისე როგორც ამერიკას სომხეთზე მანდატი ჩააბარეს. რა იცით ამის შესახებ?
- არავითარი ოფიციალი ცნობა მის შესახებ არ გვაქვს.
დელეგაცია იტალიაში
- რა და რა დავალება აქვს მთავრობისგან იტალიაში წასულს ჩვენს დელეგაციას?
- მჭიდრო პოლიტიკურ ეკონომიურ კავშირის შეკვრა იტალიასთან. ევროპის ბაზარი ისეთი სიცხოველით ეკიდება ამიერ-კავკასიის ბაზარს რომ სპეციალ დელეგაციის გაგზავნა აუცილებელი საჭიროება იყო.
დელეგაცია ყუბანსა და დონში
- ამავე მიზნით ჩვენ ვაგზავნით დელეგაციას ყუბანსა და დონში. დელეგაციამ უნდა გამოარკვიოს თუ რა და რა პირობებში შეიძლება მათთან ეკონომიური კავშირის შეჰქმნა. თვითონ ყუბანი მზათაა ჩვენი პირობები მიიღოს. ასეთივე მისწრაფება ემჩნევა დონსაც.
- შეუშლის თუ არა ჩვენი დელეგაციის მუშაობას ხელს გენ. დენიკინის ბლოკადა დონსა და ყუბანში?
- რა საკვირველია, მაგრამ მე მგონია დელეგაცია ადგილობრივ გამოარკვევს მდგომარეობას და დაგვაახლოვებს.
დამოკიდებულება ამერიკასთან
- უსათუოდ უნდა ვიყოლიოთ წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რასაც დიდიხანია გრძნობს საქართველოს მთავრობა. თუ ეს ადრე ვერ მოვაწყეთ ხელს გვიშლიდა ზოგიერთი ტეხნიკური მიზეზები. ეხლა ეს დაბრკოლება აღარაა და ჩვენ ვაგზავნით ამერიკაში ჩვენს წარმომადგენელს დავით ღამბაშიძეს. ამერიკა ძლიერ დაინტერესებულია ამიერკავკასიით.
მოლაპარაკებები გენერალ ბარათოვთან
- რა ხასიათისაა გენ. ბარათოვთან (დენიკინის წარმომადგენელი ბრიტანულ ძალებთან – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა) მოლაპარაკება?
- ეხლა ავტომატიურად შესწყდა ეს მოლაპარაკება გენერალ ბარათოვთან დაჭრის გამო.
- შეწყდება თუ არა ამით შემდეგი მოლაპარაკება?
- არა. აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოსალოდნელია კიდევ.
სოჭის ასპარეზი
- როგორი მდგომარეობაა სოჭაში?
- მდგომარეობა იქ უცვლელია.