სტრასბურგის სასამართლოში სკოლის გარდაცვლილი დირექტორის საქმეზე სარჩელი შევიდა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ, რომელიც დედის გარდაცვალებას 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ხელისუფლების მხრიდან კერზაიაზე განხორციელებულ სავარაუდო პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა.
ბაჩანა შენგელიას ადვოკატის ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, მოსარჩელე საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლის დარღვევას ედავება, მათ შორისაა, მე-2 მუხლი – სიცოცხლის უფლება, მე-13 მუხლი – სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება და მე-14 მუხლი – დისკრიმინაციის აკრძალვა.
„მოხდა სიცოცხლის უფლების დარღვევა, თუმცა, იმავდროულად, [კერზაიას გარდაცვალების საქმეზე] ჩატარებული გამოძიება ეფექტური არ იყო, ხოლო დისკრიმინაცია, რაც [კერზაიას მიმართ] ხორციელდებოდა თავიდანვე, იყო გამოწვეული პოლიტიკური ნიშნით”, – განაცხადა ადვოკატმა.
„ახლა ბოლო სიტყვა ევროპიდან უნდა გავიგოთ, სადაც, იმედი მაქვს, არ ეცდება ჩვენი მთავრობა თავისი საცეცების მიწვდენას“, – დაწერა დღეს გარდაცვლილი კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
კერზაიას გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახი ამტკიცებდა, რომ მან მასზე განხორციელებულ ზეწოლასა და წნეხს ვერ გაუძლო, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. შედეგად იგი საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ერთკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ გარდაიცვალა.
ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ამბობდა, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებას „სადამსჯელო“ ხასიათი ჰქონდა და იგი სამართალდამცველი უწყებების მხრიდან ინსპექტირების პროცესის შესწავლას და ყველა დამნაშავე პირის დასჯას ითხოვდა.
პროკურატურაში საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლით დაიწყო. ექვსთვიანი ძიების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ, „დანაშაულის ნიშნების არარსებობის“ გამო, საქმეზე დაწყებული გამოძიება 19 აგვისტოს შეწყვიტა.
კერზაიას საქმის დეტალებისთვის გადადით ბმულზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)