ფრანგული გაზეთი “Le Temps” საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 7 ნოემბერი, N253

ყოველდღიურმა ფრანგულმა გავლენიანმა გაზეთმა საქართველოს შესახებ   სტატია გამოაქვეყნა

10 მწიფობისთვის ნომერში „Le Temps” შემდეგს სწერს: ტფილისიდან გვწერენ:

„პოლიტიკური ცხოვრება აქ დუღს და გადადუღს მთელ ამიერ კავკასიაში ახალი წესდებულება თან და თან მყარდება. სამწუხაროდ, საფრანგეთს აქ არ ყავს წარმომადგენელი, ამიტომ არც შეუძლია საკმაოდ თვალყური ადევნოს ამიერ კავკასიის რესპუბლიკათ განვითარებას. მართლაც, შეუძლებელია შეასრულოს ისეთი დელიკატური მიზანი საფრანგეთის ეკონომიკურ ინტერესების დაცვისა იმ სამხედრო მისიამ, რომელიც დიდ მთავარ ნიკოლოზის დროის ნაშთია. ინგლისი სულ წინააღმდეგ, მოიქცა მან გამოგზავნა ტფილისში სპეციალისტთა მისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ინგლისის საკონსულოს სამსახურის ერთი უწარჩინებულესი მოხელე ბატონო ოლივერ უორდროპი. აგრეთვე იტალიასაც ყავს აქ ძლიერი მისია, რომელიც დიდ მოქმედებას იჩენს ეკონომიურ სფეროში, ხოლო ღენერალი ჰარბორდი, მრავალ რიცხოვან ექსპედიციის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატების სახელით ანკეტას ახდენს მთელ ამიერკავკასიაში.

წესიერება ჩინებულად დაცულია საქართველოში და ცხოვრების სიძვირე, რომ არ იყოს, სრულიად ჩვეულებრივი დრო გეგონებათ. ფულის დახურდავების პირობების გამო ევროპელთათვის ცხოვრება შედარებით იაფია.

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, რომელიც მარტში შეიკრიბა, ხანმოკლე შესვენების შემდეგ განაახლა თავისი მუშაობა. ის განაგრძობს თავის აღმშენებლობით მუშაობას, რომელიც სავსებით დამყარებულია საქართველოს დამოუკიდებლობის პრინციპზე. აქ ღრმად დარწმუნებული არიან , რომ დასავლეთის დემოკრატები არ დააყოვნებენ აღიარონ დამოუკიდებლობა იმ ერის, რომელიც ასეთი გულმოდგინებით აწყობს თავის სამშობლო ბინას თავის საკუთარი სახით“.