ბათუმი თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს
6-7 ნოემბერს ბათუმში თავდაცვის და უსაფრთხოების (GDSC) მე-13 კონფერენცია იმართება, რომელშიც ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები მონაწილეობენ.
თავის გახსნით სიტყვაში გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და მთლიანი რეგიონის წინაშე არსებულ უსაფრთხოების მზარდ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად უსაფრთხოების, მშვიდობის და განვითარების წინაშე არსებული გამოწვევებისა, ქვეყანა „კვლავ რჩება სტაბილურობის კუნძულად“, რომელიც წარმატებულად ინარჩუნებს „ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების“ კურსს.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის სამხედრო ოკუპაციას მისი ქვეყნისთვის უსაფრთხოების კუთხით ყოველდღიური პრობლემები მოაქვს. „ეს ოკუპაცია ნიშნავს მუდმივ დაძაბულობას რუსეთთან, დაუსრულებელ ინციდენტებს, რომელიც შესაძლოა უფრო სახიფათო ვითარებაში გადაიზარდოს, რომლის აღკვეთასაც საქართველო მუდმივად ცდილობს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების „ჰუმანიტარულმა გაჭირვებამ“ შესაძლოა „ნებისმიერ დროს შეუქმნას საფრთხე მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას“.
შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა რუსეთის დარწმუნება, რომ 2008 წელს აღებული ვალდებულებები შეასრულოს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყველა გზა გაიაროს მშვიდობიანი მოგვარებისკენ. „ეს არის ერთადერთი გზა ხანგრძლივი უსაფრთხოებისკენ ყველასთვის რეგიონში“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ „საქართველოს პასუხი ამ გამოწვევებზე უნდა გამოიძებნოს როგორც მის თავდაცვით პოლიტიკაში, ისე მის მშვიდობიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაში“.
თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „საქართველო დარჩება პროგრესულ ქვეყნად, რომელიც უკეთეს მომავალს ქმნის“, იზიარებს ღირებულებებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასრულებს ვალდებულებებს გლობალური მშვიდობის და უსაფრთხოების კუთხით და აძლიერებს საკუთარ დემოკრატიას. „ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნატო არქტიკული და ხმელთაშუა ზღვის, წყნარი ოკეანის და შავი ზღვის წყლებში უსაფრთხო თავშესაფარია. ამიტომ, ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ ნატოს და ევროკავშირის ჩართულობას შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, საქართველოსთვის პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან და ევროკავშირთან „ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს… რადგანაც, ვინაიდან მსოფლიო სულ უფრო რთული და სახიფათო ხდება, მოკავშირეები ერთად უნდა დადგნენ“. „ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის, საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციიდან 27 წლის და ყირიმის უკანონო ანექსიიდან 5 წლის თავზე, რუსეთი უსაფრთხოების წინაშე არსებულ უდიდეს საფრთხედ რჩება და განაგრძობს მავთულხლართების კიდევ ერთი კედლის აშენებას ჩვენ მიწაზე“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
მისი თქმით, საქართველოს პარტნიორებმა „მკაფიო და ძლიერი გზავნილი უნდა გაუგზავნონ კრემლს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში საზღვრების შეცვლა შეჭრის და ოკუპაციის გზით მიუღებელია“. თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთს უნდა მოეთხოვოს, „იმოქმედოს საერთაშორისო ნორმების და პრინციპების შესაბამისად“. მან იქვე დასძინა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგული რჩება.
კონფერენციაზე ასევე გამოვიდა სიტყვით აშშ-ის კონგრესმენი ადამ კინზინგერი, რომელმაც იანვარში წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ წარადგინა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები „ურყევად და ცალსახად“ დგას ქართველი ხალხის გვერდით თვითგამორკვევის და ტერიტორიული მთლიანობის უფლებებისთვის ბრძოლის საქმეში და რომ ის „არასდროს აღიარებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას“.
6 ნოემბერს ღარიბაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენებს, ადამ კინზინგერს და ალექსანდრ მუნის შეხვდა, რომლებიც 5-9 ნოემბერს საქართველოს სტუმრობენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)