განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დღეს თანამდებობიდან გადადგა. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ბატიაშვილი განათლების რიგით უკვე მეხუთე მინისტრია, რომელმაც პოსტი დატოვა.

საკითხის კომენტირებისას, მან განმარტა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება „პირადი მიზეზით“ მიიღო და რომ ამას პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან კონსულტაციები უძღოდა.

ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მის ნაბიჯს „დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები“ არ მოჰყვება.

ბატიაშვილის გადადგომას, ერთი დღით ადრე, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელის დარეგისტრირება უძღოდა. გარდაცვალებამდე, კერზაია ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებდა.

ბატიაშვილმა პრემიერს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სისტემის „მიღწევებზე“ გაამახვილა ყურადღება.

„გვქონდა მრავალი უპრეცედენტო მიღწევა სპორტის მიმართულებით. დავიწყეთ ცვლილებები კულტურის სფეროში, რაც აუცილებლად საჭიროებს კიდევ უფრო გაძლიერებას, ხოლო განათლების სისტემაში მოხდა ძირეული გარდატეხა. ეს არის ქართული ოცნების უდიდესი მიღწევა, პირველად სწორედ ამ ხელისუფლების დროს გახდა განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისთვის და ეს უკვე დადასტურდა საქმით“, – თქვა მან.

ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ განათლების სისტემის ყველა მიმართულებით დაწყებული რეფორმები სამინისტროში მომუშავე „პროფესიონალების გუნდთან“ ერთად გაგრძელდება. თავად კი, საკუთარ ენერგიას „საეთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით“, კვლავ „მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამების“ განხორციელებას მოახმარს.

ბატიაშვილს მისი შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებია და მხოლოდ ის თქვა, რომ ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილი მალე გახდება.

ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ უკავშირდება მისი პოსტიდან წასვლა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დარეგისტრირებულ სარჩელს, ბატიაშვილმა მხოლოდ ის უპასუხა, რომ იგი ამ პროცესს „მიესალმება“.

მიხეილ ბატიაშვილი სამთავრობო გუნდს 2018 წლის ივლისში შემოუერთდა. იგი, მაშინდელ ეკონომიკის მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან, და მოქმედ ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარინთან ერთად, მთავრობის იმ სამ ახალ წევრს შორის იყო, რომლებიც მაშინ ახლადდანიშნულმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

ბატიაშვილის მინისტრობას სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდების გაუქმება, აგრეთვე ზუგდიდის მე6- საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმეც უკავშირდება, რომელიც გასული წლის დეკემბერში ინსულტით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე კერზაია მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილი სასარგებლოდ აგიტაციას სთხოვდნენ. კერზაიას ამბობდა, რომ უარის შემდეგ, მისი დასჯის მიზნით, სკოლაში ინსპექტირების სამსახური შეუშვეს.

კერზაიას გარდაცვალების შემდეგ, ია კერზაიას ოჯახი ამტკიცებდა, რომ მან მასზე განხორციელებულ ზეწოლას ვერ გაუძლო, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. შედეგად, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ამბობდა, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებას „სადამსჯელო“ ხასიათი ჰქონდა და იგი სამართალდამცველი უწყებების მხრიდან ინსპექტირების პროცესის შესწავლას და ყველა დამნაშავე პირის დასჯას ითხოვდა. მათ შორის, ბაჩანა შენგელია მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას სწორედ მიხეილ ბატიაშვილს აკისრებდა და პროკურატურისგან მის გამოკითხვას ითხოვდა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის დეკემბერში ჩატარებულ ინსპექიტრება, რომ, შესაძლოა, „პოლიტიკური მიზნით“ ყოფილიყო გამოყენებული, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციები – ISFED-ი და საია საკუთარ ანგარიშებშიც მიუთითებდნენ და პროკურატურას საქმის „დროული“ და „სრულყოფილი“ გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ.

საბოლოოდ, პროკურატურაში საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლით დაიწყო. თუმცა, ექვსთვიანი ძიების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ, „დანაშაულის ნიშნების არარსებობის“ გამო, საქმეზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა.

ია კერზაიას საქმეზე დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)