EUMM საოკუპაციო ხაზთან სროლის ფაქტს არ ადასტურებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) დღეს განაცხადა, რომ ცხინვალის მიერ გავრცელებული ინფორმაცია – 5 ნოემბერს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდასთან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული სროლის შესახებ – არ დადასტურდა.
EUMM-ის მიერ 7 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „მისიის დამკვირვებლები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე 24-საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღის განმავლობაში იმყოფებიან და 5 ნოემბერს სოფელ კოდას მიდამოებაში რამდენიმე პატრულირება განახორციელეს“.
„არც ერთ დამკვირვებელს არ დაუდასტურებია, რომ სროლის ხმა გაიგონა. სროლის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა არც ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოს ხელისუფლებასთან საკითხის გადამოწმების შედეგად“, – ნათქვამია EUMM-ის განცხადებაში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე განმარტავს, რომ სროლის შესახებ ცხინვალიდან გავრცელებულ ინფორმაციას ცხელი ხაზის გააქტიურება არ მოჰყოლია. EUMM-ის განცხადებით, საკითხის გარკვევის მიზნით, 6 ნოემბერს ცხელი ხაზი თავად სადამკვირვებლო მისიის ინიციატივით ამოქმედდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხინვალის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გუშინვე უარყო და „მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება“ უწოდა.
ცხინვალის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ სოფელ კოდაში 5 ნოემბერს მომხდარი ორმხირივი სროლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა.
ცხინვალის მტკიცებით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლების – ჩორჩანა-ყობი-კოდა-ატოცის მიმართულებით ქართული ბლოკპოსტების განთავსების გამო გამოთქმული უკმაყოფილება. ცხინვალის მტკიცებით, ინციდენტის შედეგად დაიჭრა საქართველოს ორი მოქალაქე, რასაც საქართველოს ხელისუფლება „საგულდაგულოდ ასაიდუმლოებს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)