ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზს ესტუმრნენ
აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ალექსანდრ მუნი, რომლებიც 5-9 ნოემბერს საქართველოს სტუმრობენ, დღეს სოფელ ოძისის მახლობლად საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.
კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს საქართველოს „უკანონო ოკუპაციას“. „არასდროს ვაღიარებთ, რომ ეს რუსეთის ტერიტორიაა. ეს სამართლებრივად საქართველოს ტერიტორიაა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაა.
- ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები გამშვები პუნქტების დაუყოვნებლივ გახნას მოითხოვენ
- EUMM ცხინვალში პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კონგრესმენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია „ბორდერიზაციის“ და „უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიის მიღმა მოქალაქეების არასათანადოდ მოპყრობის შესახებ“. „ეს ნათლად აჩენს იმ რეალობას, თუ როგორი უკანონობაა ეს და როგორი ცუდი მოთამაშეა რუსეთი“, – განაცხადა კინზინგერმა და აღნიშნა, რომ „ამის აღიარება არსად არ მოხდება“.
გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ საუბრისას, კინზინგერმა განაცხადა, რომ „კანონიერი მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლების წართმევა უკანონოა და უნდა იყოს კიდეც უკანონო“. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც აშშ და საქართველო დასავლურ სამყაროს და თავისუფლებას ემხრობიან, რუსეთი მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას უშლის ხელს „იმ მიწაზე, რომელიც მათია“.
„ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს რუსეთის იქ ყოფნას კანონიერად. ეს უკანონო ყოფნაა… ჩვენ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო აშშ-ის მოკავშირეა; საჭიროა, რომ საქართველო დაუყონებლივ და მალე შევიყვანოთ ნატოში და ვაპირებთ, რომ ეს გზავნილი კვლავაც გავუგზავნოთ ჩვენს პარტნიორებს ნატოში“, – განაცხადა კინზინგერმა.
კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ალექსანდრ მუნიმ უთხრა ჟურნალისტებს, რომ იგი იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში, რომ „მსოფლიოში უსაფრთხოების და მშვიდობის კუთხით არსებულ წუხილებს იზიარებს“. მისი თქმით, აშშ თვალს ადევნებს იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)