შსს-მ კინოთეატრებთან მომხდარი ინციდენტების დროს 28 პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 9 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 8 ნოემბერს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან, გეი თემატიკაზე გადაღებული ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ რადიკალური ჯგუფების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზე, ადმინისტრაციული წესით, 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 კი – ბათუმში დააკავეს. მათ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებიან.
გარდა ამისა, შსს-მ კიდევ ერთი პირი თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“, სამოქალაქო აქტივისტზე, ანა სუბელიანზე განხორციელებული თავდასხმისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება კიდევ სამ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს, მათ შორის, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ასევე პოლიციელებზე თავდასხმისა და შსს-ის ავტომობილის დაზიანების ფაქტებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ პოლიცია „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას“ 9 და 10 ნოემბერს დაგეგმილი კინოჩვენებების დროსაც უზრუნველყოფს.
თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის ჩვენება 9 და 10 ნოემბერსაც გაგრძელდება.
ფილმის ჩვენების პარალელურად, პროტესტის გაგრძელებას რადიკალური ჯგუფებიც გეგმავენ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)