პრეზიდენტ მაკრონის ინტერვიუ გაზეთ The Economist-თან (ნაწილი I)

ეკონომისტი: ჩვენ გაგვაოცა ფრანგი ელჩების წინაშე თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვის შავბნელმა ტონმა. თითქმის ყოფნა-არყოფნის კუთხით განიხილეთ ევროპის მომავალი, ევროპის გაქრობის საშიშროებაც ახსენეთ. ხომ არ აჭარბებთ? რატომ ხედავთ ევროპის მომავალს ესოდენ მუქ ფერებში?

ემანუელ მაკრონი: არა მგონია, რომ ვითარების დრამატიზებას ვახდენ – ვცდილობ ფხიზელი თვალით ვუცქირო მოვლენებს. შეხედეთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში – ხუთიოდე წლის წინათ ხომ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო. ბრექსიტით ყველანი გათანგულები ვართ; გვაქვს ევროპა, რომელსაც წინსვლა უჭირს ; გვყავს ამერიკელი მოკავშირე, რომელმაც ესოდენ სწრაფად გვაქცია ზურგი სტრატეგიულ თემებზე – ვინ დაიჯერებდა, რომ ეს შესაძლებელი იყო.

დავფიქრდეთ, როგორ იქმნებოდა [ერთიანი] ევროპა? ვცდილობ სიმართლეს თვალებში შევხედო. ჩემი აზრით, ევროპა ნამდვილი სასწაულია. უდიდესი კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნება ამ კონტინენტზე გეოგრაფიულად ფრიად მცირე სივრცეშია ჩატეული. სწორედ ამის გამო, თითქმის ორი ათასწლეულის განმავლობაში ევროპა მუდმივად სახელმწიფოთაშორისი თუ სამოქალაქო ომებით იფლითებოდა. და, აი, სულ რაღაც 70 წელია გეოპოლიტიკურ, ისტორიულ, ცივილიზაციურ სასწაულს ვეწიეთ – გვაქვს პოლიტიკური სტაბილურობა ჰეგემონიის გარეშე, რომელიც მშვიდობაზეა დაფუძნებული. ამის მიზეზი ის იყო, რომ ევროპამ თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ბრუტალური ომი გადაიტანა, მეოცე საუკუნის განმავლობაში ბოროტების ფსკერზე ჩაეშვა.

[ახალი] ევროპა დაეფუძნა იდეას: მოდით ერთად მოვიხმაროთ ის, რისი გულისთვისაც ომებს ვიწყებდით: ქვანახშირი და ფოლადი. ამ იდეამ სტრუქტურული ფორმა თანამეგობრობის სახით შეისხა: [ერთიანი ევროპა] უბრალოდ საერთო ბაზარი კი არაა, არამედ პოლიტიკური პროექტია. დღეს კი მოწმენი ვართ მოვლენების ერთობლიობისა, რომლებიც უფსკრულის პირას გვაყენებს.

უპირველესად, ევროპამ თავისი ისტორიის ძაფი დაკარგა. მას დაავიწყდა, რომ თანამეგობრობაა და სულ უფრო ხშირად აღიქვამს საკუთარ თავს მხოლოდ ერთიან ბაზრად, რომლის არსსაც გაფართოება წარმოადგენს. ეს ფუნდამენტური შეცდომა იყო. ამ ხედვამ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული დააკნინა [ჩვენი] საერთო პროექტის პოლიტიკური ძალმოსილება. თანამეგობრობა უფრო მტკიცეა [ვიდრე საერთო ბაზარი]: ის გულისხმობს სოლიდარობის, შეიცავს კონვერგენციის ელემენტებს, რომლებიც დავკარგეთ, ისევე, როგორც ერთიან პოლიტიკურ საზრისს.

მეორე მხრივ, [ერთიანი] ევროპა თავიდანვე ამერიკელების „უმცროს პარტნიორად“ იქმნებოდა. სწორედ ეს იყო „მარშალის გეგმის“ არსიც. ეს გეგმა გულისხმობდა, რომ იარსებებდა სულგრძელი აშშ, უკანასკნელი იმედის გარანტი იმ სისტემის წონასწორობისათვის, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის დაცვას და დასავლური ღირებულებების ჰეგემონიას დაეფუძნებოდა. ამგვარი [წესრიგის დამყარების] ფასი იყო ნატოს შექმნა და [აშშ-საგან] ევროკავშირის მხარდაჭერა. თუმცა, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ვითარება იცვლება და ამას მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციას ვერ მივაწერთ. ამერიკაში მიმდინარე ცვლილებები მეტად ღრმაა: თეორიულად ცვლილება პრეზიდენტ ობამამ ჩამოაყალიბა „მე წყნარი ოკეანის პრეზიდენტი ვარო“ თქვა მან.

ასე რომ, ამერიკა სხვა მიმართულებით იყურება, რაც მათი გადმოსახედიდან ფრიად ჭკვიანურია: ისინი ჩინეთსა და ამერიკის კონტინენტს უფრო აქცევენ ყურადღებას.  პრეზიდენტმა ობამამ თავის განცხადებას ხორცი კომერციული ბლოკების შექმნით შეასხა, დადო შესაბამისი ხელშეკრულებები და გავიდა ახლო აღმოსავლეთიდან, რითაც გვითხრა – ამ რეგიონს ჩემს სამეზობლოდ აღარ აღვიქვამო. თუმცა ამ გადაწყვეტილებამ [წესრიგი] შეასუსტა და პრობლემები მოიტანა: სწორედ ამაშია 2013-2014 წლების კრიზისის მიზეზი. ქიმიური იარაღის გამოყენების მიუხედავად სირიაში ჩაურევლობა დასავლური ბლოკის ჩამოშლის პირველი მაგალითი იყო, რადგან სწორედ ამ მომენტში  გაიფიქრეს რეგიონის ძლიერმა სახელმწიფოებმა „დასავლელები დასუსტდნენო“. რაც მაშინ გულში გაიფიქრეს, დღეისათვის ნათლად ითქმება.

რამაც უკვე შეცვალა ურთიერთობების ხასიათი ევროპასა და აშშ-ს შორის?

აშშ ჩვენი დიდი მოკავშირეა, ჩვენ ის გვჭირდება, ჩვენ ახლოს ვართ ერთმანეთთან და საერთო ღირებულებები გვაკავშირებს. მე დიდად ვაფასებ ამ ურთიერთობას და ბევრიც გამიკეთებია მის შესანარჩუნებლად პრეზიდენტ ტრამპთან საუბრებში. თუმცა, პირველად ხდება, რომ აშშ-ს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ იზიარებს ევროპულ პროექტს და რომელმაც ამერიკის პოლიტიკა ჩახსნა ამ პროექტიდან. ამას თავისი შედეგები მოყვება და მათ ახლა სირიაში ვიმკით: უკანასკნელი იმედის გარანტს, იმ ქოლგას, რომელიც ევროპას აძლიერებდა, ევროპასთან ძველებური ურთიერთობა აღარა აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენი თავდაცვა, ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი სუვერენობის ელემენტები [ამერიკისგან] განცალკევებულად უნდა განვიხილოთ. ამის შესაგნებად მე სირია არ დამჭირვებია – არჩევის დღიდანვე ვავითარებ ევროპის სამხედრო და ტექნოლოგიური სუვერენობის იდეას.

იმის თქმა მინდა, რომ ერთის მხრივ, ევროპა თანდათანობით საკუთარი ისტორიის ძაფსა კარგავს; მეორეს მხრივ ამერიკის სტრატეგია იცვლება; მესამეს მხრივ კი მსოფლიოში სიმძიმის ცენტრის წანაცვლება ხდება: აგერ უკვე 15 წელია, რაც ჩინეთის ძლიერი სახელმწიფოს წარმოჩინებამ გააჩნია ორპოლუსიანი წესრიგის შექმნის საფრთხე, რაც ევროპას აშკარად პერიფერიაზე მოიტოვებს. ამგვარი, ამერიკულ/ჩინური „ორთა წესრიგის“ შექმნის რისკს ემატება ავტორიტარული სახელმწიფოების მობრუნება არენაზე ევროპის სამეზობლოში, რაც აგრეთვე ფრიად მყიფესა ხდის ჩვენს მდგომარეობას. ავტორიტარული სახელმწიფოების ხსენებისას განსაკუთრებით რუსეთსა და თურქეთზე ვსაუბრობ, რომლებიც ჩვენი სამეზობლოს ორი მნიშვნელოვანი მოთამაშეა და რომელთა მოქმედებაც – „არაბული გაზაფხულის“ შედეგებთან ერთად – მუდმივი დუღილის მდგომარეობაში ამყოფებს რეგიონს.

ეს ყოველივე ევროპის მოწყვლადობას უჩვეულოდა ზრდის და თუკი ევროპა საკუთარ თავს მსოფლიოს ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ არ დაინახავს, იგი მოწინააღმდეგეების დარტყმების ქვეშ გაისრისება. ყველაფერ ამას ემატება ევროპის შინაგანი კრიზისი: ეკონომიკური, სოციალური მორალური და პოლიტიკური, რომელიც აგერ უკვე ათწლეულია დაიწყო. ევროპაში შეიარაღებული სამოქალაქო ომები რომ არ მომხდარა, ეს არ ნიშნავს რომ ნაციონალურ ეგოებს შორის შეტაკება არ ხდება. ევროპაში გვაქვს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დაპირისპირება ეკონომიკურ თემებზე, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – მიგრაციაზე, რასაც მთელს ევროპაში პოპულისტური მოძრაობების გაძლიერება მოყვება. ამ ორმა კრიზისმა – ეკონომიკურმა და მიგრაციულმა – საშუალო ფენა ყველაზე უფრო დააზიანა. გადასახადების ზრდით, ეკონომიკური პოლიტიკის გამკაცრებით, რამაც საშუალო ფენებზე გადაიარა, ჩემი აზრით ისტორიული შეცდომა დავუშვით. სწორედ ამას უკავშირდება ექსტრემისტების გაძლიერება მთელს ევროპაში. ევროპა ბევრად უფრო რთული სამართავი გახდა.

იმ სირთულეებიდან გამომდინარე, რომლებიც ზემოთ ვახსენე, დღეს ევროპაში ბევრი ქვეყანა მყიფე კოალიციების მიერ იმართება, ბევრგან პოლიტიკური წონასწორობა ბეწვზე ჰკიდია. შეხედეთ გერმანიას, იტალიას, ესპანეთს, ბელგიას, შეხედეთ რა ხდება დიდ ბრიტანეთში, იგივე საფრანგეთში. კარგით,ჩვენ [საფრანგეთში] ძლიერი ინსტიტუტები გვაქვს და უმრავლესობაც გვიპყრია 2022 წლამდე. თუმცა ჩვენთანაც მძიმე სოციალურ კრიზისს განვიცდით და მისგან გამოსვლას ვერ ვახერხებთ – ეს [შიდა კრიზისი] ჩვენი საზოგადოების რეაქცია იყო ევროპის ზოგად პრობლემებზე. ევროპის ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაურჩა ამ პრობლემებს, გარდა იმ ქვეყნებისა, ვინც ზურგი შეაქცია ლიბერალურ დემოკრატიას და ბევრად უფრო მკაცრი რეჟიმი დაამყარა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნგრეთი და პოლონეთი ჯერჯერობით [ევროპის ტყუპ, ეკონომიკურ-მიგრაციულ კრიზისებს] გადაურჩა, თუმცაღა უნგრეთში უკვე მისი განვითარების წინაპირობებს ვხედავთ.

ასე რომ, აღნიშნული მოვლენების გათვალისწინებით, არა მგონია რომ პესიმისტი ვარ ანდა ზედმეტად შავ ფერებში ვხედავ ვითარებას. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ დღეს საკმარისად ნათლად არ ვხედავთ, არ ვაცნობიერებთ არსებულ ვითარებას. ვერ ვაცნობიერებთ, რომ თუკი აუცილებელ გადაწყვეტილებებს ერთად არ მივიღებთ, რისკი დიდია, რომ დროთა განმავლობაში გეოპოლიტიკურად გავქრებით, ყოველ შემთხვევაში საკუთარი მომავლის ბატონ-პატრონი ვეღარ ვიქნებით. ამისა მე ძალიან ღრმად მწამს.

Via
The Economist
Source
Emmanuel Macron in his own words