შპეკის კუთხე: მაასის ბაასი
გერმანიის საგარეო მინისტრმა ჰეიკო მაასმა (Heiko Maas) კვირაძალს ჟურნალ Der Spiegel-ის რედაქციას წერილი მისწერა და პრეზიდენტ მაკრონის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც საფრანგეთის ლიდერმა ნატოს “ტვინმკვდარი” უწოდა.
თავის წერილში მაასი მიესალმა სჯა-ბაასის დაწყებას “საკითხზე, თუ რა საერთაშორისო ჩარჩოს შენებას ვაპირებთ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, და გერმანიის მომავლის შესახებაც.”
მაკრონის საპასუხოდ, გერმანიის მინისტრმა შემდეგი არგუმენტები მოიყვანა:
1) გერმანია საფრანგეთთან ერთად მუშაობს ევროპული უსაფრთხოების განსამტკიცებლად:
მაკრონი “მართალია, როცა ძლიერ და სუვერენულ ევროპას თავისი განსჯის საკვანძო საკითხად აქცევს”, ჩვენ, ევროპელებმა “მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენსავე უსაფრთხოებაზე.” გერმანია საფრანგეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს ამ საკითხებზე და საფრანგეთთან ერთად უნდა გაკვალოს “ერთიანი გეზი” საერთო მიზნის მისაღწევად, რომელიც “ძლიერი და სუვერენული ევროპაა”.
2) ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ძლიერი ევროპა ძლიერ ნატოში – ტრანსატლანტიკური ალიანსისაგან გამიჯნვა შეცდომა იქნება.
“გერმანიისათვის ეს ნათელია: ნატოსათვის ძირის გამოთხრა შეცდომა იქნება. აშშ-ს გარეშე ვერც გერმანია და ვერც ევროპა ეფექტურად თავს ვერ დაიცავენ. ეს კიდევ უფრო ნათელი გახდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა სულ ახლახანს საშუალო რადიუსის ატომური იარაღის შესახებ ხელშეკრულება დაარღვია. ვაშინგტონის გარეშე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მოაზრება უპასუხისმგებლობა იქნება, ევროპისა და ამერიკის უსაფთხოების ერთმანეთისაგან გამიჯნვა კი – სახიფათო. ნატო კიდევ მრავალი წელი დაგვჭირდება – ის საერთო ტვირთის გაზიარების, საერთაშორისო თანამშრომლობის და მრავალმხრივი უსაფრთხოების განსხეულება და საშუალებაა. თუკი, ერთ დღესაც, ევროპას შეეძლება დამოუკიდებლად თავის დაცვა, ნატოს არსებობა კვლავაც უნდა გვსურდეს. დიახ, ჩვენ გვინდა ძლიერი და სუვერენული ევროპა, მაგრამ ასეთი ევროპა ჩვენ ძლიერი ნატოს ნაწილად დაგვისახავს და არა მის შემცვლელად.”
3) ცენტრალური ევროპის ქვეყნების ხედვები და ინტერესები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ .
“უსაფრთხოების საქმეებში ევროპელები არ უნდა დავყოთ. გერმანია “განსაკუთრებულ მიდგომებს” არ დათანხმდება – არც მოსკოვთან მიმართებაში და არც სხვა საკითხებზე. ჩვენს მეზობლებს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს, ღრმად უნდა სჯეროდეთ, რომ ჩვენ მათი უსაფრთხოების პრობლემებს სერიოზულად ვეკიდებით და საკუთარ პრობლემებად აღვიქვამთ. მათი უგულვებელყოფით ჩვენთვის სასურველი ევროპის აშენება არ გამოვა. შესაბამისად: დიახ, ძლიერი და სუვერენული ევროპა ღირსეული ამოცანაა და გერმანია და საფრანგეთი მის აშენებას მიზნად ისახავენ, მაგრამ ამ საქმეში უკან არავინ უნდა ჩამოვიტოვოთ.”
4) გერმანიამ ევროპაში არსებული ინტერესებისა და ხედვების შეჯერება უნდა მოახერხოს და ლიდერად იქცეს.
“ამ რთულ დროებაში ძლიერი ევროპისაკენ მიმავალ გზას არ უნდა გადავუხვიოთ – ევროპისა, რომელიც ტრანსატლანტიკური ალიანსის შემცვლელად კი არ უნდა მოვიაზროთ, არამედ ამ ალიანსის განახლებისათვის მომუშავე ძრავად; არა ფრანკო-გერმანულ პროექტად, არამედ ყველა ევროპელის ერთიან გეგმად. მხოლოდ ასე მივაღწევთ ჭეშმარიტ უსაფრთხოებას ევროპაში.”
“გერმანია ევროპის შუაგულში მდებარე ქვეყანაა და, შესაბამისად, ცენტრალური, შემარიგებელი და დამაბალანსებელი როლი უნდა ითამაშოს როგორც ევროპის შიგნით, ისე აშშ-სთან ურთიერთობაშიც. თუკი თავკაცობას ჩვენ არ ვითავებთ, ამ საქმეს სხვა არც არავინ მოეჭიდება. კეთილგონიერების ხმად ყოფნა – ესაა ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი ამოცანა და პასუხისმგებლობა დღეს.”
ულრიხ შპეკის თვალით:
1) მაასი გერმანიის სახელით ბაასობს
ჰეიკო მაასი სოციალისტური (SPD) პარტიის წარმომადგენელია და გერმანიის მმართველი კოალიციის მემარცხენე-ცენტრისტი პარტნიორია, მაგრამ ამჟამად მთელი გერმანიის სახელით ლაპარაკობს, გერმანიის პოლიტიკურ კონსენსუსს წარმოადგენს.
ბერლინში მაკრონის ნატოსთან დაკავშირებულ გამოხტომას უარყოფითად მოეკიდნენ. გერმანია ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავს აღნიშნავდა ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგისა და აშშ სახელმწიფო მდივნის პომპეოს თანდასწრებით. ბერლინის გზავნილი ნათელია: ნატო არათუ “ტვინმკვდარი” არამედ ფრიად ცოცხალი და ჯანსაღია.
კანცლერი მერკელიც თავისთვის უჩვეულოდ მკვახედ შეეპასუხა საფრანგეთის ლიდერს და აღნიშნა, ნატო გერმანიისთვის “უსაფრთხოების ქვაკუთხედიაო”.
ასეთია გერმანიის პოლიტიკური ცენტრის, დიდი უმრავლესობის ხედვა. გერმანიის ახლანდელმა პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა (Frank-Walter Steinmeier) მაასის მსგავსადვე თქვა ჯერ კიდევ 2013 წელს, საგარეო მინისტრის რანგში, “ტრანსატლანტიკური ალიანსი იყო და რჩება ჩვენი უსაფრთხოების ხერხემლადო.”
2) მაასი შეეცადა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპელები დაეშოშმინებინა, რომ გერმანიის პოზიცია რუსეთის მიმართ უცვლელია.
გერმანიის საგარეო მინისტრი შეეცადა დაეშოშმინებინა აღმოსავლელი მეზობლები, რომ ბერლინი მაკრონის აღმოსავლურ პოლიტიკას არ ეთანხმება – გერმანია იზიარებს აღმოსავლელი მეზობლების შფოთვებს რუსეთთან დაკავშირებით და მათ ზურგსუკან დიდ გარიგებაზე წასვლას არ აპირებს.
ამ ნათქვამით მაასმა გზავნილი მოსკოვშიც აფრინა: ბერლინი ჩუმად დარჩენას არ აპირებს, სანამ მაკრონი მოსკოვთან დაახლოებას ლამობსო (მაკრონმა ისიც თქვა, რომ ამას უნგრეთის პრემიერ ორბანთან ერთად აპირებს, და დაამატა ორბანი “ფრიად ახლოსაა ჩვენს შეხედულებებთანო”).
3) მაასმა განმარტა გერმანიის პოზიცია ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაზე: ჩვენ გვინდა ნატოს შენარჩუნება.
მაასი ამბობს, ევროპას თავის დამოუკიდებლად დაცვა რომც შეეძლოს, გერმანიამ და მთელმა ევროპამ ტრანსატლანტიკურ ალიანსს მაინც უნდა უერთგულონო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოების თემატიკაზე არაა გარდამავალი ღონისძიება – მაასის ხედვით ის მუდმივი უნდა იყოს. ერთიანი დასავლეთი ევროპის მხოლოდ წარსული კი არა, მომავალიცაა.
აქვეა ჩამალული გზავნილი აშშ-ს მიმართ: გერმანიაში კვლავაც სასურველი სტუმარი და პარტნიორი ხართ, მიუხედავად მიმდინარე პრობლემებისაო.
4) მაასს სურს, გერმანიამ ევროპაში წამყვანი როლი ითამაშოს.
მაკრონის ინტერვიუს თუ დავუჯერებთ, გერმანია ევროპული პოლიტიკის უკანა პლანზე თუ ბჟუტავს. მაასი პირიქით, ამბიციურ დღის წესრიგს სახავს: გერმანია ლიდერად უნდა იქცეს, რომელიც განსხვავებულ აზრებს ერთიან სტრატეგიად შეაჯერებს. ამ სტრატეგიის ამოცანად ისახება “უფრო ძლიერი ევროპა გაძლიერებულ ტრანსატლანტიკურ კავშირში”.
5) შეჯამების სახით: მაკრონს ვითარების აყირავება სურს, გერმანია კი გაუმჯობესებულ სტატუს კვოს უჭერს მხარს.
“ეკონომისტისათვის” მაკრონის მიერ მიცემული ინტერვიუ მრავალმხრივაა ბუნდოვანი, მაგრამ ერთი რამე ცხადია – მაკრონი “ამრევია”: ვითარების კარდინალური ცვლილება სურს. მისი მთავარი გზავნილია, რომ ნატო დღეისათვის მაინც უსარგებლოა სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის (კერძოდ, სირიის) პრობლემების გადასაჭრელად და სწორედ ამიტომაა “ტვინმკვდარი”.
ამავე დროს, მაკრონი არ ფიქრობს, რომ ის ამოცანა, რომელსაც ნატო რეალურად ემსახურება – რუსეთის შეკავება – ყურადღების ღირსია. მისი შეხედულებით, ევროპას დღეს რუსეთთან პრობლემები დიდი გაუგებრობის შედეგად აქვს და არა ფუნდამენტურად განსახვავებული ინტერესებისა და ამბიციებეისდა გამო.
მაკრონი ასევე თვლის, რომ აშშ-ს როლი ევროპაში მათივე სურვილით სუსტდება და ეს ძალიანაც არ აღელვებს, თვლის რა, რომ ევროპას საკუთარი თავის დაცვაც შეუძლია.
გერმანია, ან მისი პოლიტიკური ცენტრი მაინც, არ ეთანხმება ამ შეხედულებებს. გერმანიისათვის ნატო მისი ტერიტორიული თავდაცვის საფუძველია და, არსებული პრობლემებისდა მიუხედავად, ალიანსი ამ ფუნქციას მშვენივრა ასრულებს. რუსეთის შეკავება აუცილებელია, რადგან რუსეთი მეზობლებს ემუქრება. მოსკოვის შეკავება კი მხოლოდ ამერიკელებთან ერთადაა შესაძლებელი. სამხრეთით უსაფრთხოების დაცვა გერმანიის ხედვით ნატოს საქმე კი არაა, არამედ იმ ქვეყნებისა, რომლებსაც ამის სურვილი და მოთხოვნილება აქვთ, შესაძლოა სწორედ ევროპული “ქოლგის” ქვეშ.
თავისი სტატიით, საგარეო მინისტრმა მაასმა გერმანიის პოზიცია ჩამოაყალიბა მაკრონის მიერ წამოწყებულ დებატში. ევროპის სტრატეგიის შესამუშავებლად ორთაბრძოლა დაწყებულია.