ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს სტუმრობს
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი 10-11 ნოემბერს საქართველოს სტუმრობს, სადაც ქვეყნის მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობის წინ „მაღალი დონის მოლაპარაკებები“ იმართება.
ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ „თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ვიმუშაოთ ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და ხელი შევუწყოთ ორგანიზაციის მთავარი ღირებულებების – ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას“.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობაზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს. „განსაკუთრებულად ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, უკანონო ბორდერიზაციის და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ „მიესალმება“ საქართველოს პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, ბავშვთა უფლებები და გენდერული საკითხები. „მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის რანგში… ეს ჩემი პირველი ვიზიტია წევრ სახელმწიფოში და ვფიქრობ კარგი მიზეზიც მაქვს ამისთვის“, – განაცხადა ბურიჩმა.
მან შეშფოთება გამოხატა საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის გამო და იმედი გამოთქვა, რომ კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის შესახებ, რომელსაც მინისტრთა მოადგილეები შემდეგ შეხვედრაზე განიხილავენ, ხელს შეუწყობს ამ მნიშვნელოვანი საკითხის მშვიდობიან მოგვარებას საქართველოსთვის, ევროპის საბჭოსთვის და მთელი ევროპისთვის.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია, რომელიც, ზალკალიანის თქმით, „ერთობლივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი და ევროპის საბჭოსთან საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობის კარგი ილუსტრაციაა“.
თბილისში ბურიჩი ასევე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. იგი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. ამ კონტექსტში, ბურიჩმა აღნიშნა, რომ მისი ხანმოკლე ვიზიტის დროს, მას შესანიშნავი შესაძლებლობა ექნება, რომ საქართველოს ოფიციალურ პირებთან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბროს, მათ შორის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისთვის საქართველოს მომზადებასა და ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)