ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ თანამდებობი დატოვოვეს. ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურში ადასტურებენ.

თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ირაკლი ლექვინაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და თქვა, რომ მისი პოსტიდან წასვლა „სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება“ არ არის და ის „შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს“ უკავშირდება, რომლის შესახებაც იგი უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

„22 თვიანი მუშაობის პერიოდში, ჩვენმა აპარატმა 565 საქმე განიხილა, რომელთაგანაც 300 ზე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და 68%-ში ბიზნესის მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული“, – წერს ირაკლი ლექვინაძე და იქვე სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს, ასევე დონორ და პროფესიულ ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლექვინაძეს ბიზნესომბუდსმენის პოსტზე შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი მიხეილ დაუშვილი შეცვლის.

ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც 2015 წლამდე საგადასახადო ომბუდსმენის სახელით იყო ცნობილი, 8 წლის წინ საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა. ომბუდსმენს თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით, ნიშნავს.

ბიზნესომბუდსმენი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. ის ზედამხედველობს და ხელს უწყობს ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფ­ლებე­ბის დაცვას.

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის პოსტზე 2018 წლის 25 იანვარს დაინიშნა. 2016-2017 წლებში იგი თბილისის მერის მოადგილე იყო.

2013-2016 წლებში, ბიზნესომბუდსმენის პოსტს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იკავებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)