ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ახალი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შეიკრიბა
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ 13 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით პირველი სხდომა გამართა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და კიბერუსაფრთხოების საკითხი განიხილეს.
„დღეს ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა. მისი თქმით, ეს გამოწვევა „განსაკუთრებით კრიტიკული და მტკივნეულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის“.
პრემიერ-მინისტრმა გახარიამ ლევან იზორიას, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ახლადდანიშნულ მდივანს, რომელიც იმავდროულად დაზვერვის სამსახურის უფროსია, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მომზადება დაავალა.
სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას იზორიამ განაცხადა, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა, ასევე საქართველოს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება კეთილდღეობის წინაპირობაა.
„უსაფრთხოების გარეშე კეთილდღეობა წარმოუდგენელია“, – განაცხადა იზორიამ და დასძინა, რომ გაძლიერებული ძალისხმევით, მაღალი დონის კოორდინაციით და სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მიაღწევს „სტრატეგიულ მიზნებს“.
ასევე წაიკითხეთ:
- –
- –
- –
- –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)