შპეკის კუთხე: გერმანიის თავდაცვის სტრატეგია იცვლება?
გასულ ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, მანამ, სანამ მაკრონი ევროპელებს სახტად დატოვებდა თავისი სკანდალური ინტერვიუთი, მიუნხენში გერმანიის თავდაცვის სტრატეგიაზე საპროგრამო გამოსვლით წარდგა თავდაცვის მინისტრი ანნეგრეტ კრამპ-კარრენბაუერი (Annegret Kramp-Karrenbauer), ანუ, როგორც მას შემოკლებით უძახიან “AKK”. გამოსვლის სრული ტექსტი, ინგლისურ ენაზე, აქაა.
გამოსვლა ორფადაა საინტერესო. ჯერ ერთი, AKK-ს ნათქვამი გერმანიის პოლიტიკად შეიძლება იქცეს. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) შიგნით პირველკაცობისთვის ხელჩართული ბრძოლა მიდის, მაგრამ მერკელის კურთხევა ჯერჯერობით სწორედ თავდაცვის მინისტრსა აქვს.
მეორეც, AKK თავდაცვის საკითხზე გერმანიის მიდგომის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად იქცა. ამდენად, მაკრონის ინტერვიუს დარად, მისი გამოსვლაც ევროპის მომავალი როლის შესახებ მიმდინარე საუბრების საკვანძო ნაწილად უნდა აღვიქვათ.
მაშ, რა თქვა მინისტრმა მიუნხენში? რვა თემას გამოვყოფდი:
1) ჩინეთი საფრთხეა
AKK-მ გერმანიის საფრთხეების ჩამოთვლისას ორი ჩვეული ბოროტმოქმედით დაიწყო – პირველ რიგში, რუსეთის აგრესია უკრაინაში (“აღმოსავლური” დღის წესრიგი), მეორე მხრივ ისლამური ტერორიზმი (“სამხრეთული” მიმართულება). სიახლე მესამე ელემენტი იყო: ჩინეთის “აღმასვლა ძალისმიერი პოლიტიკის წარმოებაში და მისი ძალაუფლების წყურვილი სამეზობლოს ფარგლებს მიღმა.”
ამგვარი ხედვა არაა გერმანიისთვის ჩვეული: ჩინეთს ეკონომიკურ საფრთხედ კი განიხილავდნენ, მაგრამ უსაფრთხოების პრობლემად – არა. საშინაო ასპარეზზე ამგვარი მოსაზრება აზრთა სხვადასხვაობას კი იწვევს, თუმცა საფრანგეთი და აშშ მოწყალე თვალით გადმოხედავენ.
2) გერმანია თანა-ლიდერი უნდა გახდეს და უმცროს პარტნიორობას აღარ დასჯერდეს.
AKK-ს სურს გერმანია მომავალზე მსჯელობაშიც წამყვან როლს თამაშობდეს და თუკი საქმე მოქმედებაზე მიდგება, იქაც წინა რიგებში იყოს. პასიურობის დრო წავიდაო: “ჩვენ ვეღარ დაველოდებით სხვების ქმედებას, რომ მერე გადავწყვიტოთ, ავყვეთ თუ არა. ჩვენი საკუთარი წინადადებები უნდა გავაჟღეროთ, ჩვენი თვითონ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონცეპტუალური ხედვა და მოქმედების ვარიანტები.”
ეს კარგად ეხმიანება საგარეო მინისტრ ჰეიკო მაასის კონცეფციასაც, რომელზეც ამასწინათ გესაუბრეთ “როგორც ევროპის ცენტრში მდებარე სახელმწიფომ, გერმანიამ ცენტრალური – შუამავლისა და დამაბალანსებელი როლი უნდა ითამაშოს როგორც ევროპის შიგნით, ისე აშშ-სთან მიმართებაში. თუკი ლიდერობის ამ ტვირთს ჩვენ არ ავიკიდებთ, მას სხვა ვერც ვერავინ აიღებს. კეთილგონიერების ხმად ყოფნაა ჩვენი პირველადი პასუხისმგებლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში.”
3) ლიბერალური წესრიგი და პარტნიორებთან სოლიდარობა მთავარი სტრატეგიული ინტერესებია.
ლიბერალურ მსოფლიო წესრიგზე მინისტრმა ასე ისაუბრა: “ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ლიბერალური წესრიგით ალბათ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა სახელმწიფოზე მეტად ვიხეირეთ. ეს წესრიგი კვლავაც განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების წესს; მან შეგვქმნა რანიც ვართ დღეს. ამიტომაც ამ წესრიგის დაცვის განსაკუთრებული ვალდებულება გვაკისრიაო.”
თავდაცვის სფეროში უფრო აქტიურად გარჯის მეორე მიზეზი სოლიდარობაა: “თუკი გვინდა სხვების მხარდაჭერის იმედი გვქონდეს, მათაც ჩვენი მხარდაჭერა უნდა ვუჩვენოთო.”
4) გერმანიამ ხელი უნდა გამოიღოს, რადგან აშშ-ს ზედმეტი ტვირთი აკისრია.
იყო დრო, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის მთავარ ტვირთს ამერიკელები ზიდავდნენ და ამან გერმანიას დიდად არგო “ჩვენ, გერმანელებმა არ უნდა დავივიწყოთ ის წვლილი, რაც აშშ-მ ჩვენს განვითარებაში შეიტანეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ თავისუფლება და კეთილდღეობა ამერიკამ მოგვიტანა.”
ახლა მოვიდა ტვირთის გადანაწილების დრო: “დღეს, ამერიკას იმის სურვილიცა და საშუალებაც ეწურება, რომ თავის წილზე მეტი ზიდოს. სწორედ ამიტომ, მომავალში ჩვენი საპალნე ჩვენვე უნდა ვიტვირთოთ, ისევე, როგორც სხვებმა ვისთვისაც საიმედო, თავისუფალი და დემოკრატიული წესრიგის დაცვა ეშურებათ.”
5) ნატოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს, ევროპული თავდაცვა ნატოს ნაწილია.
ნატო “ევროპული უსაფრთხოების საიმედო ღუზაა. ჩვენ [უსაფრთხოების დარგში ევროპული თანამშრომლობის გაღდმავებით] ნატოსთან გაჯიბრება კიარა, მასთან შეხიდება გვსურს”. ხედვა ასეთია: “უსაფრთხოებისა და თავდაცვის დარგში ევროპის შესაძლებლობების გაძლიერების ყველა წინადადება, ნატოს ევროპულ საყრდენს აძლიერებს.”
6) გერმანიამ მეტი უნდა აკეთოს საჰელის ზონასა და აზიაში
მინისტრმა ხაზი გაუსვა მოქმედების იმ თეატრებსაც, სადაც გერმანიამ – მისი აზრით – მეტი უნდა აკეთოს.
“საჰელის რეგიონში [აფრიკაში საჰარის უდაბნოს ქვემოთ მდებარე 5000 კილომეტრიანი სარტყელი ატლანტიკიდან წითელ ზღვამდე] ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ტვირთს ძირითადად ჩვენი ფრანგი მეგობრები ზიდავენ – და ეს მაშინ, როცა გერმანიას ტერორიზმი და მისი შედეგები ზუსტად საფრანგეთის დარად უქმნის საფრთხეს; და იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მოკავშირეები [ამ რეგიონში] გერმანიის მთავრობის მიერ გაზიარებულ მიზნებს ემსახურებიან.”
ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონი: “ჩვენი პარტნიორები ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში – ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეა, აგრეთვე ინდოეთი – შეშფოთებული არიან ჩინეთის ზეწოლით და ძალაუფლების ზრდისაკენ სწრაფვით. მათ ჩვენი მხრიდან სურთ იხილონ მეტი სოლიდარობა, საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის და საზღვაო-სავაჭრო გზების დაცულობის მხრივ. მოვიდა დრო, რომ გერმანიამ უჩვენოს მათ ამის დასტური, გამოჩნდეს ამ რეგიონში დანარჩენ მოკავშირეებთან ერთად.”
7) გერმანია მზად უნდა იყოს ძალის გამოსაყენებლად
მოკავშირეებთან ტვირთის გადანაწილება “იმასაც გულისხმობს, რომ მზად ვიყოთ გამოვიყენოთ სამხედრო საშუალებების სრული სპექტრი ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობით, როგორც ეს ავღანეთსა და ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლისას გაგვიკეთებია.” [“სრულ სპექტრზე” საუბარი მოწინააღმდეგის გასანადგურებელ ოპერაციებში გერმანელი ჯარისკაცების მონაწილეობასაც გულისხმობს, რის წინააღმდეგაც გერმანიაში ბევრი გამოდის.]
8) საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია ერთად უნდა ჩაუდგნენ სათავეში ევროპულ უსაფრთხოებას.
“ჩემი წინადადებაა ევროპული სამეულის (E3) ფორმატი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მონაწილეობით, რომელიც ირანთან დაკავშირებული პრობლემის მოსაწესრიგებლად შეიქმნა, მუდმივად იქცეს.ის ოფიციალურად უნდა შეიქმნას თავდაცვის მინისტრების დონეზე და შემდეგი შეხვედრა 2019 წლის ბოლომდე გაიმართოს.”
ულრიხ შპეკის შეფასება:
1) AKK “მიუნხენის” კონსენსუსს შინაარსს უცვლის.
2014 წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას (ყოფილმა) პრეზიდენტმა გაუკმა (Gauck), ყოფილმავე საგარეო მინისტრმა შტაინმაიერმა (Steinmeier) და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ფონ დერ ლეიენმა (von der Leyen) ერთხმად დაუჭირეს მხარი გერმანიის პოზიციის განმტკიცებას საგარეო და უსაფთხოების პოლიტიკის მიმართულებებით.
ეს მცდელობა, რომელიც AKK-მ ახსენა კიდეც, ჩავარდა, რადგან მას კანცლერი მერკელი არ უჭერდა მხარს.
კი, გერმანია უკანასკნელ წლებში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მოძლიერებას გულიანად შეეწია. თუმცა ეს გერმანიისთვის საკმაოდ ტრადიციული პოლიტიკური ხაზის გაგრძელება იყო და, თანაც, აშშ-ს სერიოზული ზეწოლის შედეგად გაკეთდა. ისიც მართალია, რომ სამხრეთის მიმართულებით გერმანიამ რამოდენიმე სამხედრო მისიაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ესეც პარტნიორების – განსაკუთრებით საფრანგეთის – მხრიდან დამუნათების შემდეგ და არა იმიტომ, რომ ამ საკითხზე ეროვნული თანხმობა არსებობდა. გერმანიის საზოგადოებამ ამ მისიებზე ცოტა რამ იცის და კიდევ უფრო ნაკლებად აინტერესებს.
AKK-ს ამ პასიურობიდან გამოსვლა, სტრატეგიული მიმართულების უფრო მეტი თვითდაჯერებით გატარება სურს.
2) მოქმედების აუცილებლობის განცდა.
2014 წელს გერმანიისთვის მეტის გაკეთებისაკენ მოწოდებას ბევრად უფრო მყარი საფუძველი აქვს – საერთაშორისო გარემო რუსული რევიზიონიზმის, ჩინური ნეო-იმპერიალიზმისა და ახლო აღმოსავლეთში არეულობის ნიადაგზე სწრაფად იცვლება.
ვითარებას სიმწვავეს აშშ-ს უკანდახევაც მატებს. ამერიკა კვლავაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ევროპის დასაცავად, მაგრამ ვაშინგტონმა დასავლური ალიანსის ლიდერობას თავი ანება.
ტრამპის ხელქვეით, ამერიკაა უპირველეს ყოვილისა. ამერიკამ განზე მოიტოვა ევროპელები ჩინეთთან, რუსეთთან თუ ახლო აღმოსავლეთში გადაწყვეტილებების მიღების ჟამს. მათ არც ევროპის მომავალთან სასიცოცხლოდ გადაჯაჭვული გადაწყვეტილებების მიღებისას დაეკითხნენ. ისკიარა და, ხშირად ევროპა ტრამპის რისხვის სამიზნეც გამხდარა.
ეს ევროპის დედაქალაქებში გაღიზიანებას კი იწვევს, მაგრამ ამავე დროს, ევროპის მომავალი გეოპოლიტიკური კურსის და ევროპაში ამერიკის მომავალი როლის შესახებ განსჯასაც უდებს სათავეს.
3) გერმანია უსაფრთხოებას სხვაგვარად უყურებს.
გერმანიის ხედვაში ცვლილება მაშინ გამოჩნდა, როცა თავდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინათ ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნის წინადადება გააჟღერა. ამ გამოსვლას – მის არსსა და მისი გაკეთების მომენტს – ბევრი კრიტიკა ერგო, თუმცა საკუთარი პარტიიდან, მათ შორის გამოცდილი ლიდერების მხრიდან, AKK-მ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო. მათ მხარი უსაფრთხოების ექსპერტება და მედია-კომენტატორების ნაწილმაც აუბეს.
ამ ეპოზოდში ნათელი გახდა, რომ გერმანიაში უსაფრთხოებისა საკითხებისადმი დამოკიდებულება ცოტათი მაინც იცვლება. ტრადიციულ მშვიდობისმოყვარეობას ყავლი ჯერ არ გასვლია. თუმცა, საზოგადოების უფრო ფართო ფენები არიან მზად იმისათვის, რომ შეიარაღებული ძალების გამოყენება გერმანიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მისაღებ ინსტრუმენტად ჩათვალონ.
4) გერმანიამ საკუთარი სტრატეგიული ინტერესები უნდა განსაზღვროს.
თავდაცვის მინისტრის გამოსვლას გერმანიის სტრატეგიული ინტერესების განსაზღვრება აკლდა. კერძოდ რა სურს გერმანიას, რომელი რეგიონებია ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის და როგორ აპირებს იქ მუშაობას? რა პრიორიტეტები აქვს ბერლინს, იმის გაცნობიერებით, რომ საშუალებები ფრიად შეზღუდული აქვს? ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის დასაცავად მოწოდება მშვენიერი ამბავია, მაგრამ კერძოდ რას გვთავაზობს მინისტრი?
თუკი გერმანია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს, მას ამ თემებზე ეროვნული კონსენსუსიც დასჭირდება. უამისოდ, გერმანიის საგარეო პოლიტიკა და, განსაკუთრებით, სამხედრო მისიები მხარდაჭერის გარეშე, პოლიტიკურ გაუგებრობაში გაიჭედება.
ქვეყნის ინტერესების შესახებ დებატები გერმანიაში ჯერ წესიერად არ გამართულა. გასული ათწლეულების განმავლობაში ანალიზს, სტრატეგიას და მიმართულებას აშშ აყალიბებდა – გერმანიის საქმე იყო ან დათანხმებოდა ამ მიმართულებებს, ან არა. მაშინ, როცა აშშ სტრატეგიული ლიდერის როლს აღარ თამაშობს, ევროპულ სახელმწიფოებს მოუწევთ გეო-სტრატეგიული არჩევანის გაკეთება. გერმანიას სერიოზულად მოუწევს თავის საშინაო დავალების მომზადება.