პრემიერ-მინისტრმა ახალი ბიზნესომბუდსმენი დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ახალ ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ დაუშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესის მხარდაჭერა, იქ, სადაც ამის საშუალებას კანონი გვაძლევს, იქნება ბატონი მიხეილის ძირითადი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ამოცანას“, – განაცხადა ახალი ბიზნესომბუდსმენის წარდგენისას გიორგი გახარიამ.
ომბუდსმენს თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით, ნიშნავს.
წინა ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე თანამდებობიდან 11 ნოემბერს გადადგა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)