საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალში ქართველი ექიმის დაკავებას ეხმაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ მოახდინა „საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება“ და „ძალისხმევას არ იშურებს“, რათა ცხინვალის მიერ 9 ნოემბერს საოკუპაციო ხაზზე დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს.
საგარეო უწყების განცხადებით, ქართველი ექიმის უკანონო დაკავების ფაქტი „ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას“.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის გახშირებული პროვოკაციული მოქმედებების გამო. მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირევით ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია მუდმივ კავშირზეა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ასევე წითელი ჯვრის მისიასთან.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის დაკავებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა. „ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან – ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ“, – დაწერა თალაკვაძემ ფეისბუკზე. „ექიმის დაპატიმრება, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება, არის გაუგონარი ბოროტება“, – აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.
საკითხის თაობაზე 16 ნოემბერს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც გააკეთა და ექიმ გაფრინდაშვილის „დაუყოვნებლივ გათავისუფლება“ მოითხოვა. აშშ-ის საელჩო ასევე მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა“.
აშშ-ის საელჩომ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთახმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოუწოდა, მათ შორის, „ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)